რუპერტ გრინტი 2020 წელს არამხოლოდ მამა გახდა, მან ინსტაგრამზე დევიდ ატენბოროს რეკორდიც მოხსნა. ჰარი პოტერის ყველა ფილმში რონ უიზლის როლის შემსრულებელმა დარეგისტრირებიდან ყველაზე სწრაფად დააგროვა ერთი მილიონი გამომწერი.

გრინტი პოპულარულ სოციალურ ქსელს 10 ნოემბერს შემოუერთდა და იხუმრა, რომ "სულ რაღაც 10 წლით" დააგვიანა. "გრინტი გრამზე", — დაწერა მან და თავისი 6 თვის გოგონას ფოტო გამოაქვეყნა.

"მინდა წარმოგიდგინოთ ვენსდეი", — დაწერა მან. გრინტს და მის პარტნიორს, ჯორჯია გრუმს პირველი შვილი 2020 წლის მაისში შეეძინათ.

გინესის რეკორდების წიგნის მიხედვით, მილიონი გამომწერი გრინტმა 4 საათსა და 1 წუთში დააგროვა, როცა სექტემბერში დარეგისტრირებულ ატენბოროს ამ რაოდენობისთვის 4 საათი და 44 წუთი დასჭირდა. სანამ ინსტაგრამს ინგლისელი რეკორდსმენები ეყოლებოდა, მანამდე ამ რეკორდს ამერიკელების საყვარელი მსახიობი ჯენიფერ ენისტონი არ თმობდა. ის ინსტაგრამს 2019 წლის ოქტომბერში შეუერთდა და მილიონი გამომწერი 5 საათსა და 16 წუთში დააგროვა.