Malus Domestica მსოფლიოში ყველაზე გავრცელებული ხილია. მიუხედავად იმისა, რომ მისი 7 500-მდე სახეობა არსებობს, ჩვენ მხოლოდ ერთ სახელს — ვაშლს — ვეძახით და იშვიათად ვაკონკრეტებთ ჯიშს. გარდა იმისა, რომ ეს სასარგებლო ხილი წასახემსებლად საუკეთესო არჩევანია, იგი მსოფლიო ისტორიაში, მითოლოგიაში, შეთხზულ ისტორიებსა და თანამედროვე პოპკულტურაში არაერთი ისტორიის მთავარი გმირია — ვაშლი ხდებოდა ინოვაციის წყარო, ურთიერთობის დანგრევის, უკვდავობის დაკარგვის და ინტერნეტსივრცეში გავრცელებული უამრავი მიმის მიზეზი.

ფოტო: Giphy

ამ სტატიაში სწორედ იმ ვაშლებზე მოგიყვებით, რომელთა შესახებაც ყველას გვსმენია, თუმცა მის უკან მდგარ ისტორიას იშვიათად ჩავძიებივართ. მაშ ასე, წითელი ვაშლი გაგორდა...

1. ევას ვაშლი

პიტერ პაუელ რუბენსი — კაცის დაცემა.

ფოტო: Public Domain

რეალურად, დაბადების ორიგინალურ ტექსტში არც ვაშლი და არც ხილი არ ფიგურირებს. ბიბლიის მიხედვით, გველმა ევას ბაღის შუაგულში მდგარი კეთილისა და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი შეაჭამა, რაც, თავის მხრივ, სავარაუდოდ, მეტაფორას წარმოადგენს. მიუხედავად ამისა, პოპკულტურაში ჯერ აკრძალული ხილის ცნება გაჩნდა, შემდეგ კი, გაურკვეველი მიზეზით, სცენაზე ვაშლი შემოგორდა. ამის შემდეგ ღაჟღაღა კეხურას ჩაბღაუჭებული ევა არაერთგზის გვხვდება ხელოვნებაში. ამ დამახინჯებული დეტალით მხატვრობაში პირველქმნილი ცოდვის ყველაზე შთამბეჭდავი სცენა ალბათ რუბენსმა ასახა.

2. ბინდის ვაშლი

ფოტო: Little, Brown and Company

პოპკულტურაზე და აკრძალული ხილის ბიბლიურ მხატვრულ სახეზე საუბრისას, ცხადია, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი წიგნის — ბინდის — ყდა. თანამედროვე მსოფლიო ბესტსელერი, რომელიც 100-მილიონიანი ტირაჟით გაიყიდა, ვამპირისა და ადამიანის სიყვარულზე მოგვითხრობს, სწორედ ამ ურთიერთობის სახიფათო ბუნებაზე მიანიშნებს გაფითრებული ხელების მიერ დაკავებული ვაშლი, რაც იმითაც იხსნება, რომ წიგნის ეპიგრაფი ბიბლიიდან მოხმობილი შესაბამისი სიტყვებია — "მხოლოდ კეთილის და ბოროტის შეცნობის ხის ნაყოფი არ შეჭამო, რადგან როგორც კი შეჭამ, მოკვდები".

ვაშლის სიმბოლო არც რომანის მიხედვით გადაღებულ ფილმშია დაკარგული, სადაც სკოლის კაფეტერიაში ბელას მოუხერხებლობით გადაგდებულ ვაშლს იდენტურ პოზაში იჭერს ედვარდი.

ფოტო: Tenor

წიგნის ავტორის, სტეფანი მეიერის თქმით, ყდაზე გამოსახული ხილი ერთდროულად სამი სხვადასხვა ვაშლის სიმბოლოა. მათგან ერთ-ერთი აკრძალული ხის ნაყოფია, დანარჩენ ორზე კი მოგვიანებით შეიტყობთ სტატიიდან.

3. ფიფქიას ვაშლი

ფოტო: Disney

ვაშლი, რომლითაც ჯადოქარმა ფიფქია მოწამლა, მეიერის ჩაფიქრებული სიმბოლოებიდან ერთ-ერთია. მიუხედავად იმისა, რომ დისნეის ანიმაციაში ფიფქია თითქმის ზრდასრული ქალია, გრიმების ორიგინალური ზღაპრის მიხედვით გოგო მხოლოდ 7 წლის იყო, რაც ადვილად ხსნის ხშირად დასმულ შეკითხვას — რატომ ენდო იგი უცხო მოხუცს და შეჭამა ვაშლი. ამასთან, მას დაუოკებელ სურვილთან გამკლავებაც არ შეეძლო, რადგან რაც უფრო დიდხანს უყურებდა ბზინვარე ხილს, მით მეტად სურდა მისი ჩაკბეჩა.

არსებობს არაერთი ინტერპრეტაცია, რის სიმბოლოს წარმოადგენს ვაშლი ზღაპარში. ანიმაციაში ფიფქიას ასაკიდან გამომდინარე, ზოგს მიაჩნია, რომ ვაშლის ჩაკბეჩით ფიფქიამ ბავშვური უმანკოება დაკარგა, ხილის ორფერიანი კანი კი სწორედ სიყვარულისა და სექსუალობის სასიკეთო და უარყოფით მხარეზე მიანიშნებს. ყველაფერი ეს კი ერთგვარი ალუზიაა ევაზე, რომელმაც ასევე ვერ გაუძლო ცდუნებას.

4. განხეთქილების (ოქროსფერი) ვაშლი

პეტერ პაულ რუბენსი — პარისის განაჩენი.

ფოტო: Public Domain

განხეთქილების ვაშლი მეიერის კიდევ ერთ ინსპირაციას წარმოადგენდა. იდიომა, იდენტური ფორმულირებით, უკვე დამკვიდრებულია არაერთ ენაში, თუმცა ყველამ როდი იცის მისი წარმომავლობის ისტორია.

მითოლოგიის თანახმად, ზევსმა კარზე საზეიმო მიღება გამართა, რომელზეც, რასაკვირველია, არავის მოსვლია თავში აზრად, განხეთქილების ქალღმერთი ერისი დაეპატიჟებინა. რბილად რომ ვთქვათ, განაწყენებულმა ერისმა, ჰესპირიდების ბაღიდან მოწყვეტილი ოქროსფერი ვაშლი, წარწერით Καλλίστῃ ("უმშვენიერესს") წვეულებაზე შეაგორა და სამყაროში პირველ Party Pooper-ად იქცა. ვაშლის ბედით დაინტერესებულმა სამმა ქალღმერთმა — ჰერამ, აფროდიტემ და ათენამ — ხილის ერთ-ერთისთვის მისაკუთვნებლად ზევსს მიაკითხეს, რომელმაც ეს პატივი უაპელაციოდ გადაულოცა ტროაში მცხოვრებ ყმაწვილს — პარისს. მოკვდავი ჭაბუკის მოსახიბლად მიახლოებულმა გაშიშვლებულმა ქალღმერთებმა პარისს საკუთარი დაპირებები გააცნეს: ჰერამ ევრაზიის მეფობა შესთავაზა, ათენამ ჭკუა და სტრატეგია, აფროდიტემ კი — მსოფლიოში უმშვენიერესი ქალი, სპარტელი ელენე. ამას მოჰყვა ტროას ომი და მასთან დაკავშირებული სხვა ამბები.

სწორედ ეს თქმულება გახდა საფუძველი, განხეთქილების ვაშლი უთანხმოების მიზეზის სიმბოლოდ ქცეულიყო. არ არის გამორიცხული, 2020 წელს ერისი ბოულინგს თამაშობდეს განხეთქილების ვაშლებით.

5. ნიუტონის ვაშლი

ფოტო: Alexander Borek

გრავიტაციის ნიუტონისეული აღმოჩენის ისტორიაში სიმართლის მარცვალი ნამდვილადაა, თუმცა ყველაფერი ისე არ მომხდარა, როგორც ამას ხშირად ჰყვებიან — ნიუტონს ვაშლის თავზე დაცემისგან კოპი ნამდვილად არ გასჩენია.

რამდენადაც ცნობილია, მეჩვიდმეტე საუკუნეში მცხოვრები მეცნიერი კემბრიჯის უნივერსიტეტში სწავლობდა, თუმცა ერთხანს მას მშობლიურ საცხოვრებელში დაბრუნება მოუხდა, რადგან ინგლისში შავი ჭირის ეპიდემიამ ისევ იფეთქა. 23 წლის ნიუტონი, რომელიც დროებით ბავშვობის სახლში დაბრუნდა, ხშირად სეირნობდა ხეხილის ბაღში — სწორედ აქ შენიშნა, როგორ მოსწყდა ვაშლი ყუნწს და მიწაზე დაენარცხა. ამ დროს ნიუტონს დაებადა კითხვა — რატომ ეცემიან ვაშლები მიწაზე სწორი ტრაექტორიით და არა, მაგალითად, ხვეული გზის გავლით. ეს იდეა, მოგვიანებით, გრავიტაციის საყოველთაო კანონის ჩამოყალიბების საბაბად იქცა. ისტორია კი ჩვენთვის ცნობილი ნიუტონის ბიოგრაფის, უილიამ სტიუკლის, მეშვეობით გახდა, რომელიც იხსენებდა, როგორ გაუმხილა გენიალურმა მეცნიერმა ნასადილევს, ბაღში ჩაის დალევისას, კანონის აღმოჩენის ისტორია.

6. ეფლის ვაშლი

ფოტო: Monica M Davey / EPA

აიფონის, მაკბუკის და ეფლის სხვა პროდუქციის მომხმარებლებმა ალბათ იციან, რატომაა ტექნოლოგიური გიგანტის გაჯეტებზე "მოკბეჩილი" ვაშლი გამოსახული, თუმცა ფართო საზოგადოებამ არც ეს და არც იმ ადამიანის ისტორია არ იცის, ვის პატივსაცემადაც ლოგო შეიქმნა.

თანამედროვე კომპიუტერული ტექნოლოგიების განვითარება ჰომოსექსუალობისთვის წამებული გენიოსის — ალან ტურინგის — სახელს უკავშირდება. რამდენადაც ცნობილია, ტურინგის იდუმალებით მოცული სიკვდილის მიზეზი ვაშლი იქცა, რომლითაც მან ფსიქიკური აშლილობის ფონზე თავი მოიწამლა. ყველაზე პოპულარული ვერსიით კი სწორედ ამიტომ გახდა ეფლის სახელი და ლოგო ამ ხილთან დაკავშირებული.

მეორე ვერსიით, ეფლი კომპანიას მხოლოდ იმიტომ ჰქვია, რომ ეს სიტყვა კომპანიის დამფუძნებელს, სტივ ჯობსს, მოსწონდა. ლოგოს შემქმნელი რობ ჯენოფი კი აცხადებს, რომ ვაშლის მოკბეჩილი ვერსია მხოლოდ იმ მიზნით შეიქმნა, მომხმარებელს იგი ალუბალში არ არეოდა.

7. ტომის ვაშლი

ფოტო: Medium

სტრატეგიული ეშმაკობისა და ოინბაზობის კურსი ტომას სოიერთან ყველა ჩვენგანს აქვს გავლილი ბავშვობაში. ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტი კი თავად ტომის მასტერკლასია — როგორ უნდა აკეთებდეს სხვა შენს გასაკეთებელ საქმეს შაბათ დღეს, სანამ თავად იმ სხვისგან მოცემულ ვაშლს შეექცევი.

ოსტატური ხრიკით მეგობრისგან დატყუებული ვაშლი მოხერხებულობის სიმბოლოდ იქცა. თავის გამოდება კი ზუსტადაც რომ ტომ სოიერის მოგონილია:

"— ბენ, სიამოვნებით, მაგრამ დეიდა პოლი... აი, ჯიმსაც უნდოდა და მან ნება არ დართო. სიდმა მთხოვა — არც იმას მისცა ნება. ახლა ხომ გესმის, როგორ მიძნელდება ამ საქმის მონდობა? რომ დაიწყო გათეთრდება და ისე არ გამოგივიდეს...

— არა, გავფრთხილდები, გამომცადე. სამაგიეროდ, ვაშლის ნაჭერს მოგცემ.

— კარგი, მომეცი! მაგრამ არა, ბენ მეშინია!

— ვაშლს მთლიანად მოგცემ, რაც დამრჩა.

ტონმა ჯაგრისი უხალისოდ გადასცა..." (თარგმანი გრიგოლ ყიფშიძისა).

8. ჯეჯელავას ვაშლი

ქართულ რეალობაში ვაშლის ხსენებისას ყველას გორი აგონდება, თუმცა ეს პატივი 2017 წლიდან ნაწილობრივ მაინც გაინაწილა იმდროინდელმა განათლების მინისტრმა, ალექსანდრე ჯეჯელავამ. ჯეჯელავას ინიციატივა სკოლებში მოსწავლეებისთვის ვაშლების დარიგებით ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციას ეხებოდა, რაც რამდენიმე სასწავლო დაწესებულებაში წარმატებით განხორციელდა, თუმცა მოგვიანებით პროექტი შეწყდა. უჩვეულო პროექტმა კრიტიკაზე მეტად ინტერნეტსივრცეში კომიკური გამოხმაურება გამოიწვია, ჯეჯელავა კი მინისტრორიას ინოვატორული იდეებით დაამახსოვრდა.