ინსტაგრამის მომხმარებელებისთვის ძიების ფუნქცია ახლდება. კომპანიამ გამოაცხადა, რომ ინგლისურენოვან მომხმარებლებს უკვე ექვს ქვეყანაში, მათ შორის, დიდ ბრიტანეთში, აშშ-ში, ირლანდიასა და კანადაში ინფორმაციის მოძიება საკვანძო სიტყვების გამოყენებით შეეძლებათ. აქამდე ასე მხოლოდ ჰეშთეგებისა და ექაუნთების მოძიება იყო შესაძლებელი.

მაგალითად, თუ ადრე გსურდათ "ჯანსაღი რეცეპტების" მოძიება, თქვენ მხოლოდ იმ პოსტებზე გექნებოდათ წვდომა, რომლებიც მონიშნულია ჰეშთეგით — #ჯანსაღირეცეპტები, ან ექაუნთებზე "ჯანსაღი რეცეპტების" ვარიაციებით. ახლა ინსტაგრამი მომხმარებელს საშუალებას აძლევს, თავად მოძებნოს ინფორმაცია საკვანძო სიტყვების მიხედვით. ეს ნიშნავს, რომ ძიება მოხდება იმ შემთხვევაშიც, თუ ინფორმაცია ჰეშთეგით არ არის მონიშნული.

კომპანიამ განაცხადა, რომ ძიების ახალი ფუნქცია ისეთ ფაქტორებს გაითვალისწინებს, როგორიცაა კონტენტის შინაარსი, წარწერები და ის, თუ როდის განთავსდა ესა თუ ის პოსტი. ასევე, გამოყენებული იქნება მანქანური დასწავლის მეთოდი, რათა მომხმარებელმა თავისთვის საინტერესო ინფორმაცია ზუსტად მოიძიოს.

ეს საკმაოდ დიდი ცვლილებაა. თუმცა, კომპანიის თქმით, ახალი ფუნქციის გამოყენებით, ჯერ მხოლოდ შეზღუდული კონტენტის ძიება იქნება შესაძლებელი.

მაგალითად, ახალი საძიებო ფუნქციით უკვე შეგიძლიათ მოიძიოთ ინფორმაცია "ლეკვებზე" და "ყვავილებზე", მაგრამ არ იძებნება "ვაქცინები", ან გინდაც "ტრამპი" ან "ბაიდენი". აშკარაა, ახალი საძიებო ფუნქცია ჯერ საკმაოდ შეზღუდულია. მიუხედავად ამისა, საკვანძო სიტყვების გამოყენებით, ადამიანებს გარკვეული ინფორმაციის მოძიება უკვე შეუძლიათ. ეს მომხმარებელს დაეხმარება ისეთი ახალი კონტენტის მოძიებაში, რაც მას სჭირდება.