ფრენსის ფორდ კოპოლა თვეების განმავლობაში მუშაობდა მისი ნათლია 3-ის ახალ ვერსიაზე, რომელსაც ამჯერად მარიო პიუზოს ნათლია, კოდა: მაიკლ კორლეონეს სიკვდილი (Mario Puzo’s The Godfather, Coda: The Death of Michael Corleone) ერქმევა. რეჟისორის თქმით, ეს ვერსია ფილმს "ახალ სიცოცხლეს" შთაბერავს.

სამშაბათს, 17 ნოემბერს, Paramount Pictures-მა ფილმის ტრეილერი გამოუშვა. ფილმი, რომელიც მარიო პიუზოსა და კოპოლას ორიგინალი ვერსიის შესაბამისად დასრულდება, 4 დეკემბერს გამოვა კინოთეატრებში. იხილეთ ტრეილერი:

"ეს ჩემი და მარიოს შერჩეული სათაურისა და ჩვენი იმ პირვანდელი განზრახვების დაფასებაა, რომლებიც საბოლოოდ ნათლია 3-ად იქცა. ფინალის ამ ვერსიისთვის მე ახალი დასაწყისი და დასასრული შევქმენი, გადავანაცვლე რამდენიმე სცენა, კადრი და მუსიკალური გაფორმება", — განაცხადა კოპოლამ სექტემბერში.

ფილმის მოვლენები მაიკლ კორლეონეს (ალ პაჩინოს) გარშემო ვითარდება, რომელიც ცდილობს, დაიხსნას თავისი ოჯახი კრიმინალური იმპერიისგან, რომელიც თვითონვე დაიპყრო ნათლიის პირველ ორ ფილმში. მართალია, ტრილოგიის პირველი ორი ფილმი კინემატოგრაფიის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო ფილმებადაა აღიარებული, მაგრამ მესამე ნაწილი კრიტიკოსებმა სხვადასხვაგვარად შეაფასეს.

Paramount Pictures-მა სექტემბერში განაცხადა, რომ კოპოლა და კომპანია ექვსი თვე მუშაობდნენ, რათა კინოფირის ნეგატივის 300 ყუთის დეტალური ანალიზის შედეგად კადრების ნაკაწრები, ლაქები და სხვა ანომალიები გამოესწორებინათ, რომლებსაც მანამდე ტექნოლოგიური შეზღუდულობის გამო ვერაფერი მოუხერხეს. ახალი ვერსიის შექმნასთან ერთად ფილმი ასევე 4K ხარისხში განახლდა, მის საწყისი 5.1 აუდიო-მიქსი კი გაუმჯობესდა.

"ამ ცვლილებების და განახლებული კადრებისა და ხმის გათვალისწინებით, ჩემთვის ეს ნათლიისა და ნათლია 2-ის უფრო შესაფერისი დასასრულია", — თქვა კოპოლამ სექტემბერში.

თუ მსგავსი სიახლეები გაინტერესებს და, ზოგადად, კინოხელოვნება შენი საყვარელი სადისკუსიო თემაა, შემოგვიერთდი ფილმების ჯგუფში.

ამავე თემაზე: