ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის აღმასრულებელი დირექტორის, ნინო ევგენიძის თქმით, აშშ-ს სახელმწიფო მდივანთან მაიკ პომპეოსთან შეხვედრისას სასამართლო სისტემა, ოლიგარქიული მმართველობა და კანონის უზენაესობა განიხილეს. მისივე თქმით, შეხვედრისას ანაკლიის პორტის საკითხსა და არაფორმალური მმართველობის საფრთხეებზე ისაუბრეს.

"ამიტომაც ის საკითხები, რომელიც ჩვენ დავაყენეთ, რომლებიც უკავშირდება დემოკრატიული მმართველობის გაუმჯობესებას, კანონის უზენაესობის გაუმჯობესებას, ოლიგარქიული მმართველობის შეზღუდვას, ამ მიმართულებით ყველა ეს საკითხი იქნა განხილული", — განაცხადა ევგენიძემ.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი მაიკმ პომეო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს ოფიციალური ვიზიტის ბოლოს შეხვდა. როგორც არსამთავრობო ორგანიზაციები აცხადებენ, სახელმწიფო მდივანთან სასაუბროდ მათ მხოლოდ ნახევარი საათი ჰქონდათ.

პომპეო თბილისში გუშინ, 17 ნოემბერს საღამოს ჩამოფრინდა და ოფიციალური შეხვედრები დღეს დაიწყო. ის თბილისში 24 საათზე ნაკლები იყო და უკვე წავიდა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი შეხვდა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს, პრემიერმინისტრ გიორგი გახარიასა და პატრიარქ ილია მეორეს, თუმცა მედიასთან კომენტარები არ გაუკეთებია და მხოლოდ აშშ-ის საელჩოს განცხადებები გავრცელდა.

შეხვედრა არ გამართულა ოპოზიციასთან. რამდენიმე პარტიის წარმომადგენლები სახელმწიფო მდივანს მდუმარე აქციით დახვდნენ.

გაიგეთ მეტი პომპეოს ვიზიტზე: