აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო აცხადებს, რომ შეერთებული შტატები $5 მილიონს გამოყოფს ჰუმანიტარული დახმარების სახით ყარაბაღში, საბრძოლო მოქმედებების შედეგად დაზარალებულთა მხარდასაჭერად. განცხადებაში, რომელსაც აშშ-ს საელჩო ავრცელებს, ვკითხულობთ, რომ თანხა გამოიყოფა კონფლიქტით დაზარალებული ადამიანების საკვებით, თავშესაფრით, სამედიცინო თუ სხვა სახის გადაუდებელი საჭიროებებით უზრუნველსაყოფად.

"ამ დაფინანსებით, 2019 ფისკალური წლის შემდეგ, სომხეთსა და აზერბაიჯანში აშშ-ის ჰუმანიტარული დახმარება $10 მილიონს გადააჭარბებს. დაფინანსებაში შედის თითქმის $3,9 მილიონის დახმარება COVID-19 პანდემიის საპასუხოდ, მოწყვლადი მიგრანტებისთვის, იძულებით გადაადგილებული პირებისა და თემებისთვის, რომელიც მათ მასპინძლობს", — ვკითხულობთ განცხადებაში.

პომპეოს განცხადებით, საბრძოლო მოქმედებების შეჩერება კონფლიქტის მოგვარების მხოლოდ პირველი ნაბიჯია.

"მოვუწოდებთ მხარეებს, რაც შეიძლება მალე, ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეებთან ერთად, ჰელსინკის დასკვნითი აქტით გათვალისწინებული ძალისა და მუქარის გამოუყენებლობის, ტერიტორიული მთლიანობის, თვითგამორკვევისა და ხალხთა თანასწორობის პრინციპების თანახმად, ხელახლა ჩაერთონ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გრძელვადიანი და მდგრადი პოლიტიკური გადაწყვეტის მოძიების პროცესში", — აცხადებს პომპეო.

იგი მოუწოდებს მხარეებს, პატივი სცენ საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებულ ვალდებულებებს, მათ შორის, საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს.

მაიკ პომპეო, ასევე, მოუწოდებს სხვა ქვეყნის მთავრობებს შეუერთდნენ აშშ-ს ინიციატივას.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი საქართველოში რამდენიმე საათის წინ ჩამოფრინდა. აეროპორტში პომპეოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი, აშშ-ში საქართველოს ელჩი დავით ბაქრაძე და საქართველოში აშშ-ს ელჩი კელი დეგნანი დახვდნენ.

სამუშაო შეხვედრებს მაიკ პომპეო ხვალ დილიდან დაიწყებს. სახელმწიფო მდივანი შეხვდება საქართველოს პრეზიდენტს, პრემიერმინისტრსა და კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს. გარდა ამისა, პომპეო შეხვედრებს მესამე სექტორთანაც გამართავს.

სახელმწიფო მდივანს არ აქვს დაგეგმილი შეხვედრები ოპოზიციასთან. ოპოზიცია კი ხვალ მდუმარე აქციის გამართვას გეგმავს.

პომპეო საქართველოს ხვალ შუადღით დატოვებს.

გაიგეთ მეტი: