ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია იმედოვნებს, რომ რუსეთისგან აფხაზეთის რკინიგზის აღდგენისა და განვითარებისთვის გაცემული სესხი ჩამოიწერება. ამის შესახებ ბჟანიამ პუტინთან შეხვედრის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

"სესხის რაოდენობა 2 მილიარდი რუბლია. ნაწილი გადახდილია, ნაწილი ჯერ კიდევ არ გადაგვიხდია. იმედი მაქვს, საკითხი დადებითად გადაწყდება", — აღნიშნა ბჟანიამ.

ამას გარდა, ბჟანიამ აღნიშნა, რომ წლიური სესხი 100 მილიონ რუბლს აჭარბებს და ოკუპირებული აფხაზეთის ბიუჯეტისთვის მძიმე ტვირთია.

"ადრე ვალის რესტრუქტურიზაცია მოხდა, მაგრამ მისი დაფარვა მაინც მძიმეა. შესაძლოა, პროცენტი შემცირდეს, ან განვადება გახანგრძლივდეს, მაგრამ თუ ჩამოწერა მოხდება, გაცილებით უკეთესი იქნება", — განაცხადა ასლან ბჟანიამ.

ასევე, ბჟანიამ განაცხადა, რომ აფხაზეთის გავლით რკინიგზის ტრანზიტის დაწყება დამოკიდებულია ყარაბაღში მიმდინარე მოვლენებზე. მისი თქმით, უახლოეს მომავალში სიტუაცია უფრო ნათელი და გასაგები იქნება, ამტომ, ამ საკითხს შედარებით, მოგვიანებით მიუბრუნდება.

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინს 12 ნოემბერს შეხვდა. გავრცელებული ინფორმაციით, დაგეგმილი იყო საუბრები ორმხრივი თანამშრომლობის ფარგლებში სავაჭრო, ეკონომიკური, კულტურული და ჰუმანიტარული თანამშრომლობის მდგომარეობასა და პერსპექტივებზე. პრესსამსახურში, ასევე, ამბობდნენ, რომ საუბარი იქნება 2014 წლის 24 ნოემბერს რუსეთის ფედერაციასა და ოკუპირებულ აფხაზეთს შორის ალიანსისა და სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულების შესრულების პროცესში მიღწეულ პროგრესზე. აგრეთვე, საგარეო პოლიტიკის კოორდინაციისა და ურთიერთთანამშრომლობის საკითხებზე რეგიონული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში.

ბჟანია სამუშაო ვიზიტით მოსკოვში ბოლოს 26 სექტემბერს იმყოფებოდა. ის პრეზიდენტის ადმინისტრაციასა და რუსეთის ფედერაციის მთავრობის წევრებს შეხვდა. სხვა დამატებით დეტალზე ინფორმაცია არ გავრცელებულა.