საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის თქმით, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანთან საუბარი იქნება ინვესტიციების და საქართველოში ამერიკული კომპანიების გაზრდაზე.

"ჩვენი დიდი სურვილია, რომ ის თანამშრომლობა, რომელიც თავდაცვის და უსაფრთხოების სფეროში არის, იმ დონეზე ავიყვანოთ ეკონომიკური თანამშრომლობა. ამიტომ ვისაუბრებთ, ასევე, რაც შეიძლება მეტ ინვესტიციებზე, მეტ ამერიკული კომპანიების საქართველოში ყოფნაზე. ანუ, ჩვენი დიდი სურვილია, რომ ყოვლისმომცველი თანამშრომლობა მომავალში სწორედ ამ აღმასვლის ტრაექტორიაზე წავიდეს. დარწმუნებული ვარ, როდესაც ვსაუბრობ ჩვენი ურთიერთობის თვისობრივ ახალ ფონზე გადასვლაზე, სწორედ ეს გვაქვს მხედველობაში, რომ ეს პროცესი შეუქცევადია, ამას ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს", — განაცხადა ზალკალიანმა.

ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, მაიკ პომპეო საქართველოს დღეს ეწვია. სახელმწიფო დეპარტამენტის თვითმფრინავი დაახლოებით ერთი საათის წინ დაჯდა თბილისის აეროპორტში. ვიზიტის ფარგლებში, მაიკ პომპეო შეხვდება პრემიერმინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, პრეზიდენტსა, პატრიარქსა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებს.