დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორის, ლევან რატიანის თქმით, კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევების მატების გამო, ბოლო 10 დღის განმავლობაში პაციენტების კლინიკაში გადმოყვანაზე უარის თქმა ბევრჯერ მოუწია.

"სულ ვიძახდი, მთავარია ჩვენს ქვეყანაში არ დადგეს საკითხი, როცა ექიმმა ჰუმანურობა უნდა დაივიწყოს ან გადახედოს-მეთქი. როდესაც პატრონი ან სასწრაფო მირეკავდა, ცხოვრებაში "არა" პაციენტის მიღებაზე არ მითქვამს, იმიტომ, რომ ეს არის ექიმობა. იმიტომ გეუბნებიან — "დამეხმარე", რომ შენი იმედი აქვთ, მაგრამ, სამწუხაროდ, ბოლო რამდენიმე დღეა, თითქმის 10 დღეა, ბევრი "არა" მაქვს ნათქვამი პაციენტის გადმოყვანისთვის, რაც სიმართლე გითხრათ, გულსატკენია ჩემთვის, როგორც ექიმისთვის", — ამბობს რატიანი TV პირველთან.

მისივე თქმით, იმაზე მეტი ინფიცირებული ჰყავთ, ვიდრე წარმოედგინათ. ექიმი, ასევე, აღნიშნავს, რომ საქართველოს სამედიცინო სტრუქტურა არ არის ისეთი, როგორც ევროპის წამყვან ქვეყნებშია, სხვაობაა ბიუჯეტებში, ამიტომ შექმნილ ვითარებაში ის გამოსავალს მკაცრი შეზღუდვების შემოღებაში ხედავს.

17 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 3 117 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 638, ხოლო გარდაიცვალა — 45.

ამ ეტაპზე აქტიური ინფიცირებული შემთხვევა არის 16 219, მათგან 5 662 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

კარანტინის რეჟიმში 2 797 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 5 662.

2020 წლის 26 თებერვლიდან დღემდე სულ გვაქვს ინფიცირების 85 952 შემთხვევა, გამოჯანმრთელდა — 68 929 ადამიანი, გარდაიცვალა — 778.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: