ვირჯინიაში არსებული არასამთავრობო ორგანიზაცია, სახელად ყაზახეთის ამერიკული ასოციაცია, მოითხოვს, რომ "რასისტული" გამოხატულებების გამო ბორატის მეორე ნაწილი დაჯილდოებებმა არ მიიღონ. ორგანიზაციამ წერილობითი მოთხოვნით ოსკარებს, ოქროს გლობუსს, BAFTA-ს, ამერიკის სცენარისტთა გილდიასა და სხვა დიდ დაჯილდოებებს მიმართა.

ყაზახეთის ამერიკული ასოციაცია ირწმუნება, რომ ფილმი ყაზახებს არამხოლოდ მიზოგინებად, ანტისემიტებად და უხეშებად წარმოაჩენს, ასევე აჩვენებს, რომ თითქოს ყაზახი ხალხისთვის ინცესტი პრობლემას არ წარმოადგენს:

"ამერიკაში მცხოვრები ყაზახები, და ასევე სხვა ქვეყანაში მცხოვრებებიც, საჯაროდ მოითხოვენ კინემატოგრაფიული ხელოვნებისა და მეცნიერების აკადემიისგან, რომ ბორატი არ განიხილონ ოსკარებზე, რადგან ის გაჯერებულია ეთნიკური სტერეოტიპებით, რასიზმით, კულტურის მითვისებითა და ქსენოფობიით".

ორგანიზაცია ასევე აცხადებს, რომ ყაზახების საზოგადოება მეტისმეტად მოწყვლადია და წლების განმავლობაში ცდილობდა კოლონიური წარსულისგან გათავისუფლებას:

"საშა ბარონ კოენი აცნობიერებს, რომ ჩვენს ეთნიკურ იდენტობაზე თავდასხმით მთელი მსოფლიოს გარშემო დამამცირებლად წარმოგვაჩენს. ფილმის გამოსვლის შემდეგ, ყაზახები სექსუალური, ფიზიკური თავდასხმის და ასევე, ბულინგის მსხვერპლად იქცნენ".

ბორატთან დაკავშირებულ განხილვებსა და კრიტიკას, საშა ბარონ კოენმა, რომელიც ფილმის პროდიუსერია და მთავარ როლსაც ასრულებს, The New York Times-თან ინტერვიუში უპასუხა:

"ეს კომედიაა და ყაზახეთს არაფერი აკავშირებს რეალურ ქვეყანასთან. მე ეს ქვეყანა იმიტომ შევარჩიე, რომ ამერიკაში მის შესახებ არაფერი იციან. ამან საშუალება მოგვცა ფილმში შეშლილი, კომედიური და ყალბი სამყარო შეგვექმნა. ნამდვილი ყაზახეთი ლამაზი ქვეყანაა, თანამედროვე, ამაყი ხალხით, რაც ბორატის ვერსიისგან მთლიანად განსხვავებულია".

მიუხედავად კრიტიკისა, ფილმის გამოსვლიდან ცოტა ხანში, ყაზახეთმა, გამოგონილ პერსონაჟ ბორატ საგდიევის სამშობლომ, ულვაშიანი ჟურნალისტის ფრთიანი ფრაზა "მშვენიერია!" ახალი ტურისტული კამპანიის სლოგანად გამოიყენა.