ამ წუთებში თბილისში, მთავრობის კანცელარიასთან სახელწოდებით - არა გაზპრომს! - აქციის მონაწილეები იკრიბებიან. აქციის ორგანიზატორი სამოქალაქო პლატფორმა - დაიცავი თავისუფლებაა.

აქციაზე მთავრობის მიერ გაზპრომთან ახალ შეთანხმების გაპროტესტებას გეგმავენ. აქციის ორგანიზატორები მიიჩნევენ, რომ ხელშეკრულება საქართველოსთვის წამგებიანია.

„შეთანხმებით, რომლის ხელმოწერაც უახლოეს პერიოდში იგეგმება, გაზსადენის მეშვეობით გატარებული ბუნებრივი აირის საფასურს ქვეყანა ყველაზე არასანდო პარტნიორისგან ფულადი სახით მიიღებს. ეს წამგებიან მდგომარეობაში გვაყენებს - არსებული ხელშეკრულება საქართველოსთვის გაცილებით ხელსაყრელია,“ - აღნიშნულია დაიცავი თავისუფლებას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

„არა გაზპრომს!“ - ამ სახელით წელს პირველად არ იმართება აქცია. მსგავსი აქცია 2016 წელსაც გაიმართა. მაშინ აქციაზე შეკრებილმა ადამიანებმა გაზპრომთან მოლაპარაკებები გააპროტესტეს, რომლითაც საქართველოსთვის გატარებული გაზის 10%-ის ნაცვლად ფულადი ანაზღაურება უნდა მიეღო. შარშან გაზპრომთან ეს ხელშეკრულება არ შედგა. თუმცა, წელს მთავრობამ გადაწყვეტილება შეცვალა და ტრანზიტის სანაცვლოდ ქვეყანა გაზის ნაცვლად ფულად შემოსავალს მიიღებს.