ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ოპოზიციას სატელევიზიო დებატები შესთავაზა. მან რუსთავი 2-ის ეთერში განაცხადა, რომ მზადაა ისეთ ფორმატში მონაწილეობისთვის, სადაც ოპოზიციას დაუპირისპირდება მმართველი გუნდი, კონკრეტული განსახილველი თემები კი იქნება საარჩევნო დარღვევები, ხარვეზები და მანიპულაცია.

"რეალურად ყველაფერი — ციფრები, სტატისტიკა, კონკრეტული მონაცემები მეტყველებს იმაზე, რომ არავითარი რაიმე სისტემური მანიპულაცია ამ საარჩევნო პროცესში არ მომხდარა. ყველაფრით დასტურდება ეს ყველაფერი, თუმცა ისინი გაურბიან ფაქტებს და მუდმივად მანიპულირებენ. თქვენ პირდაპირ გთავაზობთ, რომ შევქმნათ ფორმატი, სადაც ჩვენ დაგვიპირისპირდებიან ამ პარტიის წარმომადგენლები", — განაცხადა კობახიძემ რუსთავი 2-ის ეთერში.

კობახიძის თქმით, დებატების საშუალებით ის დაამტკიცებს, რომ ყველაფერი, რასაც ოპოზიციის წარმომადგენლები ამბობენ არის სპეკულაცია და მანიპულაცია, გარდა ტექნიკური ხარვეზებისა.