ბრიტანელი პოლიტიკოსის, ჯონ მაკდონელისა და მემარცხენე ფრთის სხვა წარმომადგენლების განცხადებით, გაერთიანებული სამეფო, ესპანეთი და დანარჩენი ევროპული ქვეყნები ეკონომიკის აღსადგენად ოთხდღიან სამუშაო კვირაზე უნდა გადავიდნენ. ამის შესახებ The Guardian იტყობინება.

ბორის ჯონსონისთვის, ანგელა მერკელისა და ესპანეთის პრემიერმინისტრ პედრო სანჩესისათვის გაგზავნილ წერილში აღნიშნულია, რომ ოთხდღიანი სამუშაო კვირა ეკონომიკას ბოლო თვეების განმავლობაში მიყენებული ზიანის კომპენსირებაში დაეხმარება.

წერილის ადრესანტი კოალიციაა, რომელშიც გერმანულ პარტია Die Linke-ის წევრი კატია კიპინგია, ასევე ესპანელი პარლამენტარი, ინიგო ერეხონი, გაერთიანებული სამეფოს მწვანეთა პარტიის წევრი, ქეროლაინ ლუკასი და ბრიტანული სავაჭრო გაერთიანების გენერალური მდივანი, ლენ მაქკლასკი.

წერილში აღნიშნულია, როგორ ითხოვენ დასაქმებულები სამსახურების გადასარჩენად სამუშაო საათების შემცირებას, ასევე იმ შესაძლებლობების შესახებ, რომელსაც მოკლე სამუშაო კვირა იძლევა — შრომის მოდელის განახლება ენერგიის რესურსების დასაზოგად, რაც ასევე დაგვეხმარება კლიმატის კრიზისის დაძლევაში.

"ისტორიის განმავლობაში, შემცირებული სამუშაო საათები კრიზისის და ეკონიმიკური რეცესიის პერიოდში გამოიყენებოდა ხოლმე, რათა სამუშაო უფრო თანაბრად განაწილებულიყო უმუშევარსა და გადატვირთულად დასაქმებულს შორის", — აღნიშნულია განცხადებაში, — "ცივილიზაციის პროგრესისა და უკეთესი საზოგადოებისათვის, ახლა დროა, გამოვიყენოთ ეს შესაძლებლობა და გადავიდეთ შემცირებულ სამუშაო კვირაზე ანაზღაურების დანაკარგის გარეშე".

"ხუთშაბათი ახალი პარასკევი დღეა".

ფოტო: Ievgenii Volyk / iStock | Maria Iachimova/iStock

მას შემდეგ, რაც რამდენიმე კომპანიამ გასულ წლებში განაცხადა, რომ სამუშაო დროის შემცირების შემდეგ მათი თანამშრომლების პროდუქტიულობა და ფსიქიკური ჯანმრთელობა გაუმჯობესდა, აქტიურად დაიწყო საუბარი ოთხდღიანი სამუშაო კვირის საჭიროებაზე.

მიუხედავად გაზრდილი ინტერესისა, წინადადებას რამდენიმე ბიზნესკომპანია და ზოგიერთი მემარჯვენე თუ ცენტრისტი პოლიტიკოსი ეწინააღმდეგება. ბრიტანეთის უდიდესი ბიზნესლობისტი ჯგუფის, ბრიტანული ინდუსტრიის კონფედერაციის, განცხადებით, ოთხდღიანი სამუშაო კვირა "არასწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი" იქნება. მოწინააღმდეგებს სწამთ, რომ შემცირებული სამუშაო დრო არსებულ საცხოვრებელ სტანდარტებს გააუარესებს.

ამის საპირწონედ, წინადადების მხარდამჭერი აქტივისტები ამბობენ, რომ მიუხედავად ტექნოლოგიური განვითარების და კომპიუტერების შექმნისა, რაც, წესით, მეტ დროს უნდა ათავისუფლებდეს, 1980-იანი წლების შემდეგ ადამიანთა სამუშაო საათები მნიშვნელოვნად არ შეცვლილა.

4-დღიანი სამუშაო კვირის კამპანიის აქტივისტის, ჯო რაილის თქმით, "კოვიდპანდემიამ სამუშაო პირობების პრობლემა წამოჭრა და შესაძლებლობა მოგვცა, გადავხედოთ, როგორ ვმუშაობთ".

"ოთხდღანი სამუშაო კვირა მეინსტრიმული გახდა და ახლა უკვე მთავრობების, ბიზნესლიდერებისა და სავაჭრო გაერთიანებების გადასაწყვეტია, აქცევენ თუ არა მას რეალობად".