დაავადებათა კონტროლის ცენტრის ცხელი ხაზი 116 001
ჯანდაცვის სამინისტროს ცხელი ხაზი 15 05
მთავრობის ცხელი ხაზი 144

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, დღესდღეობით, ქვეყანაში სასუნთქ აპარატზე, დაახლოებით, 257-მდე პაციენტია დამოკიდებული, 937 პაციენტი კი ჟანგბადდამოკიდებულია. მინისტრის თქმით, დანარჩენი პაციენტის მდგომარეობა მსუბუქია. ის, ასევე, ამბობს, რომ ამ შემთხვევაში საქმე აქვთ უფრო არაეფექტურ მართვასთან, რომლის გამოსწორებაზეც, მისივე თქმით, უკვე მუშაობენ.

"დანარჩენ კლინიკებს შეუძლიათ დანარჩენი პაციენტები კოვიდსასტუმროებში გადაანაწილონ, სადაც ისინი მკურნალობას გააგრძელებენ. აქ საქმე გვაქვს უფრო მეტად არაეფექტურ მართვასთან, რასთან დაკაშირებით ჩვენ გავიარეთ კონსულტაციები და შევჯერდით რიგ საკითხებზე", — განაცხადა ტიკარაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ამ დროისათვის, უწყებას 1 040 სასუნთქი აპარატი და 3 400-მდე ჟანგბადით უზრუნველყოფილი საწოლი აქვს მობილიზებული. ტიკარაძე აღნიშნავს, რომ პაციენტების მოცულობით, კოლაფსი ამ კუთხით არ არის.

"მნიშვნელოვანია, რომ კლინიკების დონეზე პაციენტების მართვა გავაუმჯობესოთ. დამატებითი შესყიდვები დაგეგმილია და ეს არის პროცესში. ჩვენ ველოდებით სასუნთქი აპარატების ჩამოსვლას, რომელიც, საჭირობისამებრ, ყველა კლინიკაში გადანაწილდება, თუმცა ამის აუცილებლობა დღევანდელი მონაცემებით არ დგას", — ამბობს ტიკარაძე.

16 ნოემბრის მონაცემებით, საქართველოში გამოვლენილია ინფიცირების 3 157 ახალი შემთხვევა, 3 230 პირი გამოჯანმრთელდა, გარდაიცალა — 30.

კარანტინის რეჟიმში 2 735 პირი იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ — 5 658,
კოვიდ სასტუმროში — 3 315 ადამიანი. თვითიზოლაციაში იმყოფება 50 256 ადამიანი, საიდანაც თბილისში არის 12 867 პირი, აჭარაში — 17 779, იმერეთში — 5 230.

პირველი ინფიცირების შემთხვევიდან დღემდე ქვეყანაში გამოვლენილი Covid-19-ის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 82 835-ს შეადგენს, საერთო ჯამში გამოჯანმრთელდა — 65 291, გარდაიცვალა — 733.

წაიკითხეთ NCDC-სა და WHO-ს რეკომენდაციები კორონავირუსის პრევენციაზე: