საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მაია სანდუს მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება მიულოცა. როგორც თავის ტვიტში ზურაბიშვილი აღნიშნავს, კიდევ ერთი ქალი პრეზიდენტი ჩვენს რეგიონში მნიშვნელოვანია.

"ვულოცავ მაია სანდუს დამსახურებულ გამარჯვებას. ჩვენს რეგიონში კიდევ ერთი ქალი პრეზიდენტი ძალიან მნიშვნელოვანია. მოუთმენლად ველი ერთობლივ მუშაობასა და ევროპისკენ საერთო გზის გავლას", — წერს პრეზიდენტი.

მოლდოვის საპრეზიდენტო არჩევნებში ყოფილმა პრემიერმინისტრმა და პროევროპელმა კანდიდატმა, მაია სანდუმ გაიმარჯვა. არჩევნების მეორე ტურში მან მოქმედი პრეზიდენტი იგორ დოდონი დაამარცხა. სანდუ მოლდოვის პირველი ქალი პრეზიდენტი იქნება.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, მაია სანდუმ ხმების 57,7 პროცენტი მიიღო, ხოლო იგორ დოდონმა — 42,3 პროცენტი.

რადიო თავისუფლების რუსული ბიუროს ინფორმაციით, სანდუს მხარი დაუჭირეს ყველა დიდ ქალაქში, გარდა ბელცისა. გარდა ამისა, მან მხარდაჭერა მოიპოვა ახალგაზრდებსა და დიასპორაში.

შედეგების გამოცხადების შემდეგ მაია სანდუმ განაცხადა, რომ შეეცდება გააერთიანოს არჩევნების შედეგად გაყოფილი საზოგადოება და გადაწყვიტოს ეკონომიკური პრობლემები. მისივე თქმით, ის პარლამენტის ვადამდე ადრე დაშლას და საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ეცდება.