ინგლისში, ჩესტერის ზოოპარკში, გადაშენების პირას მყოფი მარტორქის დაბადებას "მთელ მსოფლიოში აღნიშნავენ", რადგან, ზოოპარკის ცხოველების მომვლელების თქმით, დედამიწაზე 1000-ზე ნაკლები ასეთი მარტორქაა დარჩენილი.

ჯანმრთელი დედალი აღმოსავლური შავი მარტორქის ზოოპარკში მოყვანა და მისი 15-თვიანი ფეხმძიმობა ზოოპარკის კამერებზეა აღბეჭდილი.

ფოტოებზე ნაჩვენებია ახალშობილი მარტორქის ნაშიერი, რომელიც დედამისის, ემა ელზას, რძეს წოვს დაბადებიდან სულ რაღაც 10 წუთში.

"გადაშენების პირას მყოფი აღმოსავლური შავი მარტორქის დაბადება ყოველთვის ძალიან გამორჩეული მოვლენაა", — განაცხადა ზოოპარკის მარტორქების მოვლის გუნდის მენეჯერმა ენდრიუ მაკენზიმ.

ფოტო: PA

"იმის შესაძლებლობა, რომ კამერით დაინახო, როგორ იბადება მარტორქის ნაშიერი, წარმოუდგენელი პრივილეგიაა — იმის გათვალისწინებით, რომ მათი რიცხვი ამდენად დაბალია, ასეთ რამეს ხშირად ვერ ნახავთ. შემდეგ იმის შემსწრე ხდებით, როგორ იდგამს ფეხს პატარა მარტორქა დედის მსუბუქი ბიძგის დახმარებით; როგორ დგამს თავის პირველ საცდელ ნაბიჯებს და როგორ წოვს ძუძუს პირველად — ამის ნახვა დამატებითი სიამოვნებაა", — ამბობს მაკენზი.

დედამიწაზე ამჟამად 1000-ზე ნაკლები აღმოსავლური შავი მარტორქაა დარჩენილი, რასაც ექსპერტები აზიურ სამედიცინო ბაზარზე მარტორქების რქებზე არსებული მოთხოვნის უეცარ ზრდას აბრალებენ.

ბუნების დაცვის საერთაშორისო კავშირის (IUCN) მიერ აღმოსავლური შავი მარტორქა სრული გადაშენების პირას მყოფი სახეობების სიაშია შეყვანილი. ველურ ბუნებაში ისინი ამჟამად მხოლოდ კენიაში, ტანზანიასა და რუანდაში არიან.

ფოტო: PA

"ეს მარტორქები გადაშენების პირას მიიყვანეს და ასეთი საფრთხის ქვეშ მყოფი სახეობების გამრავლების ევროპულ პროგრამაში თითოეული ინდივიდის მატება მთელ მსოფლიოში აღინიშნება", — განაცხადა მაკენზიმ.

ზოოპარკი ცხოველთა მოყვარულებს ახლა ახალშობილისთვის სახელის შერჩევაში დახმარებას სთხოვენ.