ლელოს ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, მათი მორიგი აქციის გზავნილი საერთაშორისო პარტნიორებისთვის იქნება. კერძოდ, ჯაფარიძის თქმით, ისინი მშივდობიანი აქციით იტყვიან, რომ შეერთებული შტატების კიდევ უფრო ღრმა ჩართულობაა საჭირო, რათა "ქვეყნის მიტაცება" შეწყდეს.

"მთავარი გზავნილი იქნება ის, რომ შეერთებული შტატები არის ჩვენი უახლოესი მეგობარი და გვეხმარება ქვეყნის მშენებლობაში და აუცილებელია აშშ-ს კიდევ უფრო ღრმად ჩართულობა, რომ შეწყდეს ჩვენი ქვეყნის მიტაცება, სახელმწიფოს მიტაცება", — განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მსგავსი შეხვედრები გაგრძელდება და ისინი ხვალ, 16 ნოემბერსაც იმსჯელებენ მომდევნო ნაბიჯებსა და ტექნიკურ დეტალებზე.

დღეს, ლელოს ოფისში ოპოზიციის წარმოამდგენლები ერთმანეთს შეხვდნენ. როგორც ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგი უგულავამ დაანონსა, შემდეგი აქცია 18 ნოემბერს, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტის დღეს გაიმართება და ეს იქნება "მდუმარე აქცია", რა დროსაც ისინი მონაწილეებს სტიკერებს დაურიგებენ, წარწერით — გაყალბებულია.