დაახლოებით 4.5 მილიარდი წლის წინ ჩვენმა პლანეტამ და მზის სისტემამ დაასრულა ჩამოყალიბების პროცესი და მიიღო საბოლოო სახე. ამ პროცესს კი სულ რაღაც 200 000 წელი დასჭირდა. ეს აღმოჩენა Lawrence Livermore National Laboratory (LLNL)-ის მეცნიერთა გუნდს ეკუთვნის, რომლებმაც პროცესის ხანგრძლივობის დასათვლელად მეტეორიტებში აღმოჩენილი მოლიბდენის იზოტოპები შეისწავლეს.

ის ნივთიერება, რომლისგანაც მზე და დანარჩენი სისტემა შედგება, წარმოიქმნა ძალიან დიდი აირისა და მტვრის ღრუბლის კოლაფსის შედეგად, 4.5 მილიარდი წლის წინ. მზის სისტემის მსგავს ვარსკვლავურ სისტემებზე დაკვირვებით მეცნიერებმა აღმოაჩინეს, რომ დაახლოებით 1-2 მილიონი წელი იყო საჭირო ღრუბლის კოლაფსისა და ვარსკვლავის წარმოშობისთვის, მაგრამ ეს პირველი კვლევაა, რომელიც კონკრეტულად ჩვენი მზის სისტემის წარმოშობის ხანგრძლივობას სწავლობს.

LLNL-ის კოსმოქიმიკოსისა და ჟურნალ Science-ში გამოქვეყნებული კვლევის მთავარი ავტორის, გრეგ ბენეკას განცხადებით, მზის სისტემის ჩამოყალიბების ხანგრძლივობა არ ყოფილა განსაზღვრული. "ეს კვლევა გვიჩვენებს, რომ ღრუბლის კოლაფსი, რომელმაც მოგვიანებით მზის სისტემის ფორმირება გამოიწვია, ძალიან სწრაფად, სულ რაღაც 200,000 წელში მოხდა. ეს რომ ადამიანის გაჩენას შევადაროთ, იგივე იქნება, რომ ორსულობის პერიოდი 9 თვის ნაცვლად 12 საათს გაგრძელდეს. აღნიშნული პროცესი ძალიან სწრაფად განვითარდა", აღნიშნავს ბენეკა.

მზის სისტემის ყველაზე ადრეული დროით დათარიღებულ მყარ ნივთიერებებს კალციუმითა და ალუმინით მდიდარი ნაერთები (CAI) წარმოადგენს. მათი ნიმუშები გვაწვდის პირდაპირ ინფორმაციას მზის სისტემის ფორმირების შესახებ. ეს უმცირესი დიამეტრის (მიკრომეტრებიდან სანტიმეტრებამდე) მქონე ნაერთები, რომლებიც მეტეორიტებშია აღმოჩენილი, წარმოიქმნა მაღალ ტემპერატურულ გარემოში (1,300 კელვინზე მეტი), სავარაუდოდ ახალგაზრდა მზის მახლობლად. შემდეგ, მათი გადატანა მოხდა ისეთ ადგილას, სადაც ყალიბდებოდა კარბონატული ქონდრიტის მეტეორიტები, და, სადაც ისინი დღეს აღმოაჩინეს. CAI-ის უმრავლესობა წარმოიქმნა 4.567 მილიარდი წლის წინ და ეს პროცესი დაახლოებით 400 000-დან 200 000 წლამდე გრძელდებოდა.

LLNL გუნდმა, კარბონატული ქონდრიტებიდან, მათ შორის ალენდედან (დედამიწაზე აღმოჩენილი ყველაზე დიდი კარბონატული ქონდრიტი) აღებულ სხვადასხვა CAI-ში გაფანტული ქიმიური ელემენტების კომპოზიცია და მოლიბდენის იზოტოპები შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ CAI-ის მოლიბდენის იზოტოპის შემცველი ნაერთები მოიცავს იმ ნივთიერებათა მთელ რიგს, რომელთა ჩამოყალიბება მოხდა არა სივრცის რაიმე მცირე მოცულობაში, არამედ მთელ პროტოპლანეტარულ დისკოზე. აქედან გამომდინარე, მათი ფორმირებისთვის სწორედ ის დრო უნდა ყოფილიყო საჭირო, რა დროც ღრუბლის კოლაფსს დასჭირდა.

ვინაიდან ვარსკვლავური სისტემის ფორმირების აქამდე მეცნიერებისთვის ცნობილი ხანგრძლივობა (1-2 მილიონი წელი) ბევრად აღემატება CAI-ის ფორმირების პერიოდს, მკვლევართა გუნდმა შეძლო იმის გარკვევა, თუ მზის სისტემის ფორმირების რომელ ასტრონომიულ ფაზაზე ხდებოდა მათი ჩამოყალიბება და შესაბამისად, თუ რამდენად სწრაფად მოხდა იმ ნივთიერებების წარმოქმნა, რომელთაგანაც დღეს მზის სისტემა შედგება.