წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ჟონეთში მოქალაქეებმა ნამახვანი ჰესის მშენებლის გასაპროტესტებლად გზა გადაკეტა. პოლიციამ გზის გახსნისთვის მოსახლეობის დაშლა გადაწყვიტა, რასაც დაპირისპირება მოჰყვა.

რიონის ხეობის გადარჩენის აქტივისტები უკვე 21 დღეა აქციებს აწყობენ და მშენებელი კომპანიის გაყვანას მოითხოვენ. როგორც აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ ვარლამ გოლეთიანმა On.ge-ს უთხრა, ამ ხნის განმავლობაში მათთან არავინ მისულა, სწორედ ამის გამო გზის გადაკეტვა გადაწყვიტე.

გოლეთიანის თქმით, მოქალაქეები ერთმანეთზე ჯაჭვით იყვნენ გადაბმულები, პოლიცია კი მათ მიმართ ძალას უხეშად იყენებდა, რა დროსაც მათ დაზიანებები მიიღეს.

"პოლიცია რაღაც მონაკვეთში ხალხს რომ დაეტაკა და მერე წაიქცნენ, ბავშვები და ქალები იყვნენ ამ ჯაჭვში შებმულნი, ყველას შეგვეშინდა, რომ შეიძლებოდა რეალურად ჭყლეტაში მოვყოლილიყავით. მერე უკვე ხელებზე ქაჩავდნენ მათ, ვისაც ჯაჭვი ჰქონდა შებმული, ეძიძგილავებოდნენ სუყველას, ამან გამოიწვია ძალიან სერიოზული "ზედახორა". უხეში ფორმებით ცდილობდნენ, რომ ეს ხალხი გაეყვანათ. მიბმულები იყვნენ ერთმანეთთან, ფიზიკურად ხო ვერ აწევდნენ და ამიტომაც მიიღეს დაზიანებები", — ამბობს ვარლამ გოლეთიანი.

დღევანდელ აქციასთან დაკავშირებით On.ge შინაგან საქმეთა სამინისტროს დაუკავშირდა და უწყებისგან პასუხს ელოდება.

ნამახვანი ჰესების კასკადი მდინარე რიონზე უნდა აშენდეს. მისი სიმძლავრე 433 მეგავატი იქნება. პროექტი 750 მილიონი აშშ დოლარის ღირებულებისაა და იგეგმება, რომ კასკადი ექსპლუატაციაში 2025-2026 წელს შევიდეს. პროექტს კომპანია ენკა რინიუებლზ ახორციელებს.