ლელო დღეს, 14 ნოემბერს, თემქაზე მომხდარ მკვლელობას ეხმაურება. პარტიაში ამბობენ, რომ გარკვეული ჯგუფები ბრალდებულის ლელოსთან აფილირებას ცდილობენ, თუმცა იგი, ოფიციალურად, პარტიის წევრი ან მხარდამჭერი არ არის.

"ეს პირი ლელოს პარტიულ საქმიანობაში უშუალოდ არ ყოფილა ჩართული.

გარკვეული ჯგუფები აქტიურად ცდილობენ, დანაშაულში ბრალდებული მამაკაცი ლელოსთან დააკავშირონ, თუმცა ეს ინფორმაცია ტყუილია. კიდევ ერთხელ ხაზგასმით ვაცხადებთ, რომ მკვლელობაში ეჭვმიტანილის რაიმე ოფიციალური მიმართება ლელოსთან სიმართლეს არ შეესაბამება.

ლელოს ხელთ არსებული ინფორმაციით, [ბლადებული] აქტიურად მონაწილეობდა სხვადასხვა საპროტესტო აქციაში, მათ შორის, ჩართული იყო პროფკავშირების და სხვა ორგანიზაციების მიერ ორგანიზებულ საპროტესტო აქტივობებში, სადაც ლელოს აქტივისტებიც იღებდნენ მონაწილეობას", — აცხადებენ პარტიაში.

ლელოში იმედოვნებენ, რომ სამართალდამცავები მალე გამოიძებენ საქმეს და დამნაშავე სათანადოდ დაისჯება.