პოლიციამ თბილისში ჯგუფურად ჩადენილი ყაჩაღობის ბრალდებით სამი პირი დააკავა. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, დაკავებულთაგან ორი პირობითი მსჯავრის ქვეშაა.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულებმა თბილისში, მეტროსადგური სამედიცინო უნივერსიტეტის მიმდებარე ტერიტორიაზე, ცივი იარაღის მუქარით, ორ პირს თანხა წაართვეს და დაემუქრნენ, რომ თუ პოლიციას მიმართავდნენ, ფიზიკურად გაუსწორდებოდნენ. უწყებაში აღნიშნავენ, რომ მოგვიანებით, ერთ-ერთმა დაზარალებულმა ფეისბუქით გამოაქვეყნა პოსტი, სადაც მომხდარზე ისაუბრა. შსს-ში ამბობენ, რომ დაზარალებულმა 2 თავდამსხმელი ამოიცნო, რის შემდეგაც პოლიციამ, სამივე ბრალდებული დააკავა.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტით, რაც ჯგუფურად ჩადენილ ყაჩაღობას გულისხმობს. დანაშაული 6-დან 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.