საქართველოს პასუხისმგებელი ბიზნესის კონკურსი Meliora 2020 უკვე მესამედ ცხადდება.

Meliora ბიზნეს კომპანიებს მათ მიერ განხორციელებული კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ინიციატივებისათვის აჯილდოვებს. კონკურსის მიზნია საქართველოში კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის განვითარება და პოპულარიზაცია. ასევე, კომპანიების წახალისება, დანერგონ საკუთარ საქმიანობაში CSR-პრინციპები და მიდგომები და გახდნენ სამაგალითო სხვებისთვის.

კონკურსი საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრის (CSRDG) ორგანიზებით, ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის (KAS) მხარდაჭერით ტარდება.

Meliora 2020 ეძღვნება იმ პროექტებსა თუ ინიციატივებს, რომლებიც კომპანიებმა თავიანთი კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) ფარგლებში განახორციელეს COVID 19-თან საბრძოლველად.

კონკურსში მონაწილეობა ნებისმიერი მასშტაბის კომპანიას შეუძლია შემდეგ კატეგორიებში:

  • თანამშრომელთა მხარდაჭერა COVID-19-ის პანდემიის პერიოდში;
  • მომხმარებელთა და მომწოდებელთა მხარდაჭერა COVID-19-ის პანდემიის პერიოდში
  • საზოგადოების მხარდაჭერა COVID-19 -ის პანდემიის პერიოდში;
  • მცირე ბიზნესის და დაზარალებული სექტორების მხარდაჭერა COVID-19-ის პანდემიის პერიოდში.

წამყვანი ქართველი და უცხოელი ექსპერტებისგან შემდგარი, დამოუკიდებელი ჟიური შეაფასებს ნომინანტებს, გამოავლენს გამარჯვებულს და გადასცემს სტატუსის ჯილდოს საუკეთესო CSR ინიციატივების სათანადოდ დაგეგმვის, თანმიმდევრულობის, ეფექტურობისა და შედეგების მდგრადობის კრიტერიუმების მიხედვით.

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 7 დეკემბერი.

გამარჯვებულები 2021 წლის გაზაფხულზე გამოვლინდებიან.

კონკურსი უნიკალურ შესაძლებლობას სთავაზობს ბიზნესკომპანიებს, რომ გააცნონ საზოგადოებას თავიანთი CSR პროექტები და მოიპოვონ აღიარება.

Meliora 2018 წელს, კორპორაციული პასუხისმგებლობის განვითარებაზე ორიენტირებული ბიზნეს ასოციაციების, საერთაშორისო და ადგილობრივი საექსპერტო და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მხარდაჭერით დაფუძვნდა და დღემდე კონკურსში მონაწილეობა სხვადასხვა მსხვილმა და მცირე/საშუალო მასშტაბის კომპანიამ 140-მდე განხორციელებული CSR პროექტი წარადგინა.

კონკურსის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ვებ-გვერდზე www.meliora.ge