2020 წლის თითზე ჩამოსათვლელი კარგი ამბებიდან ერთი ნამდვილად არის მეგობრების სპეციალური ეპიზოდი, რომელსაც ისტორიაში ყველაზე პოპულარული ტელეშოუს მაყურებელი 2004 წლის შემდეგ ელის. თებერვალში, სანამ ჯერ კიდევ არ ვიცოდით, როგორი წელი გველოდა, ოფიციალურად დადასტურდა, რომ მონიკა, ჩენდლერი, რეიჩელი, როსი, ფიბი და ჯოუი ეკრანებზე დაგვიბრუნდებოდნენ.

ამის შემდეგ, რაც მოხდა, ყველას გვახსოვს და ამ სასიხარულო ამბიდან 9 თვის ნაცვლად, თითქმის საუკუნე გავიდა. გადაღებები რამდენჯერმე გადაიდო, დევიდ შვიმერი (როსი) კი ერთ-ერთი ბოლო იყო, ვინც თქვა, რომ ახალი, სპეციალური ეპიზოდის გადაღება აგვისტოში დაიწყებოდა. საბოლოოდ, პანდემიამ ეს თარიღიც გადაწია.

ამჯერად, ჩენდლერის როლის შემსრულებელი, მეთიუ პერი წერს ტვიტერზე, თუ როდის დაიწყება პროდუქცია და ეს 2020 წელში აღარ მოხდება:

"Friends-ის სპეციალური ეპიზოდის გადაღებებმა მარტის დასაწყისისთვის გადაიწია. როგორც ჩანს, დატვირთული წელი გველის, რაც ძალიან მომწონს!"

ახალ პროექტში კვლავ ვიხილავთ ყველასთვის საყვარელ მსახიობებს: ჯენიფერ ენისტონს, კორტნი კოქსს, ლიზა კუდროუს, მეთ ლებლანკს, მეთიუ პერისა და დევიდ შვიმერს.

შოუს ერთგვარ გაგრძელებაზე WarnerMedia მუშაობს და მას ახალ სტრიმინგ სერვისზე — HBO Max-ზე ვიხილავთ. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს ნეტფლიქსის შემდეგ სწორედ ამ სტრიმინგ სერვისმა იყიდა ამერიკაში სერიალის უფლებები $425 მილიონად.

ასე რომ, ეს ინფორმაციაც საკმარისია იმაში დასარწმუნებლად, რომ 2021 ბევრად უკეთესი იქნება, ვიდრე ყბადაღებული 2020. ჩენდლერს კი ერთად გადავუხადოთ მადლობა ოპერატიულობისთვის!

ფოტო: NBC

ამავე თემაზე: