ცოტა ხნის წინ გავრცელდა ვიდეო, რომელშიც დისნეის პერსონაჟები ანიმაციების სიმღერებს მშობლიურ ენაზე მღერიან. მართალია, დისნეი გარკვეულ მინიშნებებს იძლევა, თუ რომელი პერსონაჟი სადაური წარმომავლობისაა, თუმცა დისნეის ფილმების უმეტესობა ინგლისურ ენაზეა.

დისნეი თავის პრინცესებსა და გმირებს დიდწილად უკვე არსებული რეგიონული თქმულებებიდან და მითებიდან იღებს. მაგალითად, კონკია და მძინარე მზეთუნახავი ამავე სახელის ხალხური თქმულებების შთაგონებითაა შექმნილი — მოგვიანებით ისინი შარლ პერომ დაწერა და გამოაქვეყნა. ფიფქია და შვიდი ჯუჯა და რაპუნცელი გერმანელ ძმებ გრიმებს ეკუთვნიან, რომლებმაც ეს ზღაპრები პირველად თავიანთ კოლექციაში გამოსცეს. მსგავსად ამისა, მულანი უძველესი ჩინური მითური პერსონაჟის, ჰუა მულანის, შთაგონებითაა შექმნილი, პოკაჰონტასი კი — ვირჯინიაში, ჯეიმსტაუნში, მიმდინარე ისტორიული მოვლენების გავლენით.

YouTube-ის ახალ ვიდეოში დისნეის თითოეული ზღაპრის კულტურაა წარმოჩენილი. ვიდეო ცდილობს, თითოეული გმირის, პრინცისა თუ პრინცესას გეოგრაფიული და ეთნიკური ფესვები გამოაჩინოს და გვთავაზობს 30-წამიან მოკლე ნაწყვეტებს, რომლებშიც ანიმაციების ყველასთვის კარგად ნაცნობი სიმღერებია შესრულებული გმირების მშობლიურ ენაზე, დაწყებული ზულუთი, გაგრძელებული მანდარინით და დასრულებული საამების ენით.

1940-იანი წლების ისეთი კლასიკებით დაწყებული, როგორიცაა პინოქიო, და ისეთი თანამედროვე ანიმაციებით გაგრძელებული, როგორიცაა Frozen, ვიდეო დისნეის ფანებს იმ სამყაროში შეხედვის შესაძლებლობას აძლევს, რომლიდანაც ეს გმირები და ამბები მოდიან.

დისნეის ფილმები ცნობილია თავისი ამყოლი სიმღერებითა და საოცარი ტექსტებით, თუმცა მათი უმეტესობა ამერიკულ აუდიტორიაზეა გათვლილი და ინგლისურ ენაზე სრულდება. მიუხედავად ამისა, დისნეის ფილმები აშშ-ის გარეთაც ძალიან პოპულარულია. ეს ვიდეო გვთავაზობს, რომ სხვა ქვეყნებში ხალხი დისნეის ფილმებით უფრო დატკბებოდა, ისინი რომ მათ მშობლიურ ენაზე სრულდებოდეს.