ბარსელონამ ამბიციური 10-წლიანი გეგმა დაიწყო, რათა ქალაქში უფრო მეტი მწვანე სივრცე და საჯარო სკვერი შექმნას, ქუჩები მანქანებისგან გაათავისუფლოს და დაბინძურების შემცირებას შეუწყოს ხელი.

ამ გეგმის მიხედვით, მძიმედ დაბინძურებული ცენტრალური ეშამპლეს რაიონის — ინჟინერ ილდეფონს სერდას მიერ ორთოგონალურად დაგეგმილი დიზაინის მქონე რაიონის — ყოველი სამი ქუჩიდან ერთი გახდება მწვანე ზონა, რაც ქვეითებსა და ველოსიპედისტებს ანიჭებს უპირატესობას, გზაჯვარედინებზე კი 21 საჯარო სკვერი შეიქმნება, რათა თითოეული მოქალაქე სკვერიდან ან პატარა პარკიდან არაუმეტეს 200 მეტრით იყოს დაშორებული.

"სერდას გეგმამ მე-19 საუკუნის ბოლოს ბარსელონა უფრო თანამედროვე გახადა და ვაპირებთ, ურბანული ტრანსფორმაციის ეს სული გავაცოცხლოთ და ეშამპლეში 21-ე საუკუნე შევიტანოთ", — თქვა ქალაქის მერის მოადგილე ჟანეტ სანსმა.

ფოტო: Handout

გეგმის განხორციელება შემდეგი 10 წლის განმავლობაში დაახლოებით €37.8 მილიონი ეღირება და ის ითვალისწინებს 2016 წელს შემუშავებული ე.წ. "სუპერბლოკების" პოლიტიკის სწრაფ და რადიკალურ გაფართოებას.

სუპერბლოკის გეგმა ქალაქის ცხრა ბლოკს აჯგუფებს და კეტავს მათ გამჭოლი მოძრაობისთვის, შემოაქვს მცენარეები და გრძელი სკამები, ველოსიპედის სავალი ხაზები, სათამაშო არეალები და მწვანე სივრცეები, აგრეთვე მრავალ საპარკინგე სივრცეს მოსასვენებელი უბნებით ანაცვლებს.

მართალია, მანქანით გადაადგილება აკრძალული არ არის, თუმცა სუპერბლოკები მანქანების მიმართ დიდად კეთილგანწყობილი არ არის. ქალაქში ასეთი ჯერჯერობით 6 ბლოკია, მომავალ წლებში კიდევ 11-ის დამატება იგეგმება, ხოლო თუ გეგმა სრულად განხორციელდა, მათი რაოდენობა 500-ს გადასცდება. სუპერბლოკები სიმშვიდის ოაზისებს ქმნის იმ ქალაქში, სადაც მოქალაქეებს ერთ კვადრატულ კილომეტრზე 6000 მანქანა ჰყავთ, მოტოციკლებისა და ფურგონების ჩაუთვლელად, რაც ევროკავშირის მასშტაბით უდიდესი მაჩვენებელია.

ახალი გეგმა ცდილობს, გამოასწოროს ქალაქში საჯარო სივრცის არსებობის ქრონიკული უკმარისობა, აგრეთვე არანაკლებ ქრონიკული დაბინძურების პრობლემა.

ბარსელონა თითქმის არასდროს აკმაყოფილებს ქალაქში აზოტის დიოქსიდისა და დაბინძურების ევროკავშირისა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ზღვრებს. WHO-ს NO2-ის ზღვარი კუბურ მეტრზე 40 მიკროგრამია, ბარსელონას უდიდეს ნაწილში კი ეს რიცხვი 47-ზე მაღალია.

სხვა დიდი ქალაქების, მაგალითად, პარიზისა და მილანის, მსგავსად, ბარსელონამ "ტაქტიკური ურბანიზმის" გატარება დაიწყო — ტროტუარების გაფართოება, ქუჩების დროებით დაკეტვა, ველოსიპედის სავალი გზების გაზრდა, საპარკინგე ადგილების დახურვა — რათა COVID-19-ის პანდემიის საპასუხოდ უფრო მეტი საჯარო სივრცე შეექმნა.

მას შემდეგ, რაც მარტში ლოქდაუნის დაწესება გახდა საჭირო, ქალაქში შეიქმნა 29 კმ-ის სიგრძის საველოსიპედო გზა — რაც ჯამურად დაახლოებით 240 კმ-ს გაუტოლდა — და 12 კმ-ის სიგრძის ტროტუარები. ამავე პერიოდში ქალაქმა გააუქმა 1300 საპარკინგე სივრცე.

სკვერებისა და მწვანე სივრცეების დიზაინი ღია შეჯიბრში გადაწყდება. განცხადებების მიღების ბოლო ვადა 17 დეკემბერია.