9 ნოემბერს სომხეთმა და აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღში ომის შეწყვეტასთან დაკავშირებით შეთანხმებას ხელი მოაწერეს. სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა გვიან ღამით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ეს "უკიდურესად მტკივნეული" გადაწყვეტილება არსებული ვითარების ღრმად გაანალიზების შემდეგ მიიღო და სამმხრივ დოკუმენტს ხელი აზერბაიჯანისა და რუსეთის პრეზიდენტებთან ერთად მოაწერა.

შეთანხმების თანახმად, სომხური მხარე აზერბაიჯანს კონფლიქტის ზონაში რამდენიმე ტერიტორიას გადასცემს, კონფლიქტის ხაზის გასწვრივ კი, რუსი სამშვიდობოები განლაგდებიან. რა სტატუსი ექნება მთიანი ყარაბაღს, შეთანხმებაში არ წერია.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის მიერ სომხეთის "კაპიტულაციად" შეფასებულ შეთანხმებას იმ ღამესვე პროტესტი მოჰყვა ერევანში. დემონსტრანტები მთავრობის სახლში შეიჭრნენ და ტერიტორია დაიკავეს. სომეხი ხალხის ვნებათაღელვის პარალელურად კი, ბაქოში გამარჯვება აღნიშნეს.

რას ცვლის ახალი რეალობა რეგიონში? რა პოზიცია უნდა დაიკავოს საქართველომ? იკვეთება თუ არა რუსული ინტერესები ცეცხლის შეწყვეტის შესახებ ხელმოწერილ დოკუმენტში? — ამ და სხვა საკითხებზე On.ge საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალისტებს ესაუბრა.

ფოტო: აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო

ახალი სტატუს-კვო რეგიონში და რუსეთის ინტერესები

მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის ზონაში საომარი მოქმედებები სრულად მოსკოვის დროით 10 ნოემბერს 00:00 საათიდან შეწყდა. გამომდინარე იქიდან, რომ ამ ისტორიული მომენტიდან მხოლოდ რამდენიმე დღე გავიდა, პროგნოზები იმასთან დაკავშირებით, თუ რა იქნება მომავალში — რთულია. ეს ყველაფერი დამოკიდებული იქნება იმაზე, როგორ შეასრულებენ მხარეები დაკისრებულ ვალდებულებებს.

რუსეთს ხელთ ექნება ბერკეტები რეგიონში, როგორც სომხეთზე, ასევე, აზერბაიჯანზე ზემოქმედების. ამასთან, რუსეთმა დასაჯა დასავლეთისკენ მაცქერალი ფაშინიანი და დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა მისი შემდგომი პოლიტიკური ბედიც.

ზურაბ ბატიაშვილი

თუმცა ცვლილებები უკვე სახეზეა და ამაზე ჩვენი რესპონდენტები თანხმდებიან. მაგალითად, შეთანხმების მიხედვით, მთიანი ყარაბაღის გამყოფი ხაზის გასწვრივ და ლაჩინის დერეფნის მიმდებარედ რუსეთის ფედერაციის სამშვიდობო კონტინგენტი განლაგდება, მათ შორის, 1 960 შეიარაღებული სამხედრო მოსამსახურე, 90 ჯავშანტექნიკა, 380 საავტომობილო და სპეციალური ტექნიკა. დიპლომატ გია ჯაფარიძის თქმით, მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ის, რომ დროებით დაკარგული ტერიტორიის სამხედრო ძალით დაბრუნება პირველად ხდება, ასევე, ისიც, რომ რუსული ბაზები ახლა აზერბაიჯანშიც განლაგდებიან.

"ცვლილებაა ის, რომ თუ აქამდე რუსეთს სომხეთში ჰყავდა სამხედრო ბაზა, ხოლო საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი აქვს ოკუპირებული, ახლა სამშვიდობო ძალებს უკვე აზერბაიჯანის ტერიტორიაზეც განათავსებს. ყარაბაღის რეგიონი, საერთაშორისო სამართლის თვალსაზრისით, აზერბაიჯანის ტერიტორიაა. რუსეთის სამშვიდობო ძალები რას ნიშნავს, მე მგონი, ჩვენ ყველაზე კარგად გამოვცადეთ ჩვენს თავზე", — განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე განმარტებით, ცვლილება იმასაც ეხება, რომ სამხრეთ კავკასიის რეგიონში აქამდე არსებული მულტილატერალური ანუ მრავალმხრივი ფორმატები სუსტდება და მისი "გაცოცხლება" ისევ რუსეთზე იქნება დამოკიდებული.

"მინსკის ფორმატი გაცოცხლდება თუ არა, უკვე რუსეთზეა დამოკიდებული. ეს იყო ყარაბაღთან დაკავშირებული ფორმატი ეუთოს ფარგლებში, სადაც თანათავმჯდომარეები იყვნენ შეერთებული შტატები, საფრანგეთი და რუსეთი. ამ ფორმატში მიმდინარეობდა მოლაპარაკებები, ხვდებოდნენ ერთმანეთს მინსკში. ეს ფორმატი, ფაქტობრივად, მკვდარია. თუ ამის გაცოცხლება მოუნდება, ისევ რუსეთმა უნდა გააცოცხლოს, სხვა შემთხვევაში ისე ჩანს, რომ წარსულს ჩაბარდა", — აღნიშნა მან.

მიუხედავად იმისა, რომ შეთანხმების შუამავალი, ფაქტობრივად, რუსეთი იყო, ექსპერტებში ცალსახა მოსაზრება მისი ინტერესების გაძლიერებასთან დაკავშირებით არ არსებობს. რონდელის ფონდის მკვლევრის, გიორგი ბილანიშვილის შეფასებით, აზერბაიჯანი ამ შეთანხმებით "გონივრულ კომპრომისზე" წავიდა — გაითვალისწინა, რომ რუსეთი რეგიონში "სერიოზული მოთამაშეა" და ამ შეთანხმების მიღმა ვერ დარჩებოდა. მიუხედავად ამისა, ბილანიშვილი არ იზიარებს მოსაზრებას, რომ ყარაბაღში სტატუს-კვოს შეცვლით, რუსეთის პოზიციები გაძლიერდა.

ფოტო: Photolure

"ორი ფაქტორი იყო მნიშვნელოვანი, ვიდრე ეს მოვლენები განვითარდებოდა. ერთი ის, რომ სომხეთი სტრატეგიული პარტნიორია რუსეთის ფედერაციის ჩვენს რეგიონში, ხოლო მეორე ის, რომ ყარაბაღის სტატუს-კვოთი, რაც არსებობდა, რუსეთი მისთვის მისაღებ ბალანსსა და გავლენას ინარჩუნებდა იქ. ახლა რა გამოვიდა? გამოვიდა ის, რომ მისი სტრატეგიული პარტნიორი დამარცხდა საომარ მოქმედებებში. ისე დათმო ტერიტორიები, რომ რუსეთს მისთვის ქმედითი დახმარება არ გაუწევია, მაშინ, როცა მეორე რეგიონალური მოთამაშე, თურქეთი, აქტიურად ეხმარებოდა მის პარტნიორ აზერბაიჯანს. სტატუს-კვო, რომლითაც რუსეთის ფედერაცია მისთვის ხელსაყრელ ბალანსს ინარჩუნებდა, შეიცვალა. და არ ვარ დარწმუნებული, რომ რუსეთის სასარგებლოდ შეიცვალა", — აღნიშნა ბილანიშვილმა.

მისი თქმით, აზერბაიჯანმა რუსეთის შუამავლად ყოფნა დაუშვა, თუმცა პირობებით, რომელიც მისთვის იქნებოდა ხელსაყრელი. ბილანიშვილის განმარტებით, აზერბაიჯანის მხრიდან რუსეთის ფაქტორის იგნორირებით არსებობდა რისკი, რომ შეთანხმებას მისთვის უარყოფითი შედეგები გამოეწვია.

რონდელის ფონდის კიდევ ერთი მკვლევარი, ზურაბ ბატიაშვილი მიიჩნევს, რომ ამ შეთანხმებით რუსეთის გავლენა იზრდება როგორც აზერბაიჯანზე, ასევე, სომხეთზე. მისი თქმით, სომხეთისა და საქართველოს შემდეგ, რუსეთი ახლა ოფიციალურად "იკანონებს" სამხედრო ყოფნას აზერბაიჯანის ტერიტორიაზეც.

"მას ხელთ ექნება ბერკეტები რეგიონში, როგორც სომხეთზე, ასევე, აზერბაიჯანზე ზემოქმედების. ამასთან, რუსეთმა დასაჯა დასავლეთისკენ მაცქერალი ფაშინიანი და დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა მისი შემდგომი პოლიტიკური ბედიც. მართალია, შეთანხმებაში მოხდა ინტერესთა გათვალისწინება, როგორც აზერბაიჯანის, სომხური თუ თურქული მხარის, მაგრამ ძირითადად, რა თქმა უნდა, რუსეთის", — განაცხადა ბატიაშვილმა.

გია ჯაფარიძის თქმით კი, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ზოგადად, "ძირს უთხრის" საერთაშორისო სამართალსა და წესრიგს, ამ შეთანხმებით მის მიერ "გამარჯვების გაფორმება" მაინც არ იკვეთება.

"სექტემბრის ბოლოს ბაქოში, დიპლომატებიდან გაჟონილი ინფორმაცია, რომ რუსეთი მინიმუმ ინფორმირებული იყო, როგორ განვითარდებოდა ყარაბაღში მოვლენები, დღევანდელი გადმოსახედიდან, კარგად ჩანს. ვერ ვიტყოდით, რომ რუსეთმა გამარჯვება გაიფორმა. ჯერჯერობით ასე ჩანს, რომ იგი ინარჩუნებს კონტროლს, ბევრად შესუსტებულს, ვიდრე შეიძლებოდა ყოფილიყო ან ვიდრე მანამდე ჰქონდა. დანარჩენი კი დამოკიდებული იქნება ბაქოზე და ერევანზე", — აღნიშნა ჯაფარიძემ.

როგორ აისახება ახალი რეალობა საქართველოზე

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მიღწეულ შეთანხმებაზე პოზიცია უკვე დააფიქსირა. უწყება ორ მხარეს შორის დიალოგის მხარდამჭერია და გამოთქვამს იმედს, რომ შეთანხმება ხელს შეუწყობს კონფლიქტის მოგვარების სრულმასშტაბიან პროცესს. გარდა ამისა, პრემიერმინისტრმა, გიორგი გახარიამ ახალი შეთანხმება კონფლიქტში მონაწილე ორივე ქვეყნის ლიდერთან განიხილა და იმედი გამოთქვა, რომ სამშვიდობო პროცესის დაწყება ხელს შეუწყობს სამხრეთ კავკასიის რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებას.

რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შეთანხმების გაფორმება მოულოცა და "ფასილიტატორებს" მადლობა გადაუხადა. პრეზიდენტის მილოცვა გააკრიტიკა ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა ელჩმა, იან კელიმ და აღნიშნა, რომ შეთანხმების მილოცვა, რომელიც რუსეთის ინტერესებს ამყარებს, ხოლო დასავლურს ბლოკავს, დაუშვებელია.

ამ პოზიციას იზიარებს ჩვენი რესპონდენტი, ზურაბ ბატიაშვილიც. მისი თქმით, ასეთი "სენსიტიური" თემის დროს მილოცვა არამხოლოდ ნაადრევია, არამედ საერთოდ არ არის საჭირო.

"როგორ შეიძლება მიულოცო რუსული პოზიციების გაძლიერება მხარეებს?", — აღნიშნავს მკვლევარი.

საქართველოს ამ კონფლიქტში ნეიტრალური პოზიცია რომ უნდა ჰქონდეს, ამას ჩვენი სამივე რესპონდენტი იზიარებს. გიორგი ბილანიშვილის აზრით, ნეიტრალიტეტის მიუხედავად, მნიშვნელოვანია, ჯერ ახალი სტატუს-კვო, შემდეგ კი, ის რისკები და შესაძლებლობები შეფასდეს, რაც ამ რეალობას ახლავს თან.

მისივე შეფასებით, კონფლიქტის დასაწყისი ჩვენი ხელისუფლების მიერ მოლაპარაკებების ადგილად თბილისის შეთავაზებას "აზრი არ ჰქონდა", რადგან საქართველოს არ გააჩნდა რესურსი, რომ კონფლიქტის დარეგულირებაში ცვლილებები შეეტანა. თუმცა ბილანიშვილის განცხადებით, ახლა, როცა ახალი რეალობაა, შესაძლებელია ნიადაგის მოსინჯვა, რა შეიძლება საქართველომ გააკეთოს ამ მხრივ.

გია ჯაფარიძის პოზიციით კი, ნეიტრალიტეტის შენარჩუნების პარალელურად, საქართველო მაქსიმალურად უნდა სცადოს იმ რისკების შემცირება, რომელიც შეიძლება არსებობდეს. მისივე განცხადებით, ახლა მთავარია, ცეცხლი შეწყდეს.

"არ იყო ეს ომი მთლიანად რეგიონისთვის კარგი, როგორ გინდა დავარწმუნოთ ჩვენი ევროპული პარტნიორები, რომ სახელმწიფოები, რომლებიც აღმოსავლური პარტნიორობის პროგრამაში არიან, ერთმანეთში ომობენ. ევროპისთვის ომი უცხოა, უკვე 75 წელია იქ მშვიდობაა და ერთმანეთში უთანხმოებებს ისინი ომით აღარ წყვეტენ. ეს არ არის ევროპული სცენარი. როგორ გინდა დაარწმუნო ვინმე ინვესტორი, რომ თუნდაც ფული ჩადოს საქართველოში ან სადმე, როდესაც თბილისიდან 500 კილომეტრში საომარი მოქმედებები მიმდინარეობს, რაც პოტენციურად, შეიძლება, გადაიზარდოს უფრო ფართომასშტაბიან დაპირისპირებაში. ზოგადად, ასეთ ცხელი წერტილების არსებობა ნიშნავს, რომ რეგიონს განვითარება უბრალოდ არ უწერია", — განაცხადა ჯაფარიძემ.

მისივე თქმით, საქართველოს უფრო "პრაგმატული და რაციონალური" საგარეო პოლიტიკის წარმოება მართებს.

როგორ განვითარდება მოვლენები ახლა?

ჩვენი რესპონდენტები მოვლენების განვითარების სამომავლო სავარაუდო სცენარებსაც განიხილავენ. გია ჯაფარიძის თქმით, 5 წელი საკმარისი დროა, რომ სომხეთმა "შემობრუნების წერტილი" იპოვოს და ორ მხარეს შორის მოლაპარაკებები წარიმართოს.

მიუხედავად ამ დიდი ტრავმებისა, იქნებ იპოვონ მხარეებმა რაღაც შეხების წერტილები. მესმის, რომ ეს იარები არასდროს მოშუშდება, მაგრამ ყველა ომი მთავრდება მოლაპარაკებით და იქნებ აღმოჩნდეს ამის რესურსი.

გია ჯაფარიძე

"5 წელი არის ის დრო, რომ მხარეებმა, მიუხედავად ამ დიდი ტრავმებისა, რაც უკანასკნელმა ომმა მიაყენა ორივე მხარეს და ამ ისტორიული შუღლისა, იქნებ იპოვონ რაღაც შეხების წერტილები. მესმის, რომ ეს იარები იქნება და არასდროს მოშუშდება, მაგრამ ყველა ომი მთავრდება მოლაპარაკებით და იქნებ, აღმოჩნდეს ამის რაღაც რესურსი საერთაშორისო შუამავლებით. ან იქნებ აღმოჩნდეს ისე, რომ 5 წლის შემდეგ მხარეები უკვე თვითონ ლაპარაკობდნენ ერთმანეთთან და სამშვიდობოების საჭიროება იქ სულაც აღარ იყოს", — აღნიშნა დიპლომატმა.

მისი განმარტებით, "ყველაზე უარესი ვარიანტი" ისაა, რომ რუსეთმა ყარაბაღში ფეხი უკვე დადგა — იგი იცავს სტეპანაკერტსა და შესაბამისად, იცავს ეთნიკურად სომეხ მოსახლეობას ყარაბაღში. ჯაფარიძის განცხადებით, შეიძლება, რუსეთმა ეს გამოიყენოს როგორც ბერკეტი და ისევ "ტყვეობაში" ამყოფოს სომხეთი, მეორე მხრივ, აზერბაიჯანიც.

"ეს დამოკიდებულია სომხეთსა და აზერბაიჯანზე, თუ ისინი იპოვიან თავის თავში რესურსს, რომ გადალახონ მტკივნეული ტრავმები, იფიქრონ მომავალზე, გამოვიდნენ წარსულის ტყვეობიდან და საკუთარ სახელმწიფოებს მისცენ განვითარების ახალი პერსპექტივა, მაშინ, შეიძლება, სულ სხვა სცენარი მივიღოთ", — განაცხადა მან.

გამომდინარე იქიდან, რომ ყარაბაღი იურიდიულად სომხეთს არ ეკუთვნის, თანამედროვე სომხეთის პოლიტიკა კი სწორედ ამ განწყობაზე იდგა, ჯაფარიძის თქმით, სომხეთის პრემიერმინისტრს, ნიკოლ ფაშინიანს "ახალი ნარატივი" აქვს შესაქმნელი.

"ახალი ნარატივის გაჩენა შესაძლებელია. სომხებმა შეიძლება თავი იგრძნონ რუსეთის მხრიდან მოტყუებულად, მიაპყრონ თავიანთი მზერა და იმედები სომხეთის დასავლურ სტრუქტურებში ინტეგრაციას. მესმის, რომ ეს არის და ჟღერს, როგორც ილუზია, მაგრამ შეთანხმება რომ დაიწყებს შესრულებას, ვნახოთ რა მდგომარეობა იქნება", — განაცხადა ჯაფარიძემ.

გიორგი ბილანიშვილის თქმით კი, გამომდინარე იქედან, სომეხი ხალხისთვის ყარაბაღი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, ნეგატიური დამოკიდებულება და ვნებათაღელვა ერევანში გასაგებია. მკვლევარის აზრითვე, მომავალში საზოგადოება იმასაც გააცნობიერებს, რომ რუსეთს სომხეთისთვის სათანადო დახმარება ყარაბაღის შესანარჩუნებლად არ აღმოუჩენია და იქ პრორსული ტენდენციები და განწყობები შეირყევა.

როგორც ჩვენი რესპონდენტები ამბობენ, რა მოხდება ხვალ, მეტწილად სომხეთსა და აზერბაიჯანზეა დამოკიდებული. ზუსტად მხოლოდ იმის თქმა შეგვიძლია, რომ სომხეთმა პოზიციები დათმო, აზერბაიჯანმა კი მსოფლიო გააკვირვა თავისი სამხედრო მზადყოფნით. საბოლოოდ, ამან სრულიად რეგიონი ახალი რეალობის წინაშე დააყენა და ბევრი საკითხის მიმართ კითხვის ნიშნებიც გააჩინა. არავინ იცის, ზუსტად როგორ განვითარდება მოვლენები ერევანში დაძაბულობისა და 5 წლის ვადით რუსული სამშვიდობოების განთავსების ფონზე.