გასაოცარ ახალ ვიდეოში ფანმა Avatar: The Last Airbender-ის საკულტო ინტრო ისე გარდაქმნა, რომ ახლა მასში... დინოზავრები მონაწილეობენ!

ანიმაციური სერიალი 2005 წელს გამოვიდა და მისი მოვლენები 12 წლის ბიჭის, ავატარი აანგის, და მისი მეგობრების — კატარას, სოკას და ტოფის — გარშემო ვითარდება. შოუს ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟები არიან აგრეთვე პრინცი ზუკო და მისი და აზულა. შოუ ძალიან წარმატებული გამოდგა და დღეისთვის ერთ-ერთ საუკეთესო ანიმაციურ სერიალად მიიჩნევა.

სერიალის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ნაწილი მისი დასაწყისია, რომელიც ანიმაციის წინაისტორიას მოგვითხრობს, მათ შორის ცეცხლის ერის წამოწყებულ კონფლიქტსა და აანგის საბოლოო მისიას, დაეუფლოს ოთხივე ელემენტს. ამ ნაწილში გვაჩვენებენ ოთხ განსხვავებულ მაგს მათი შესაბამისი ელემენტების გამოყენებისას.

YouTube-ის ერთ-ერთმა მომხმარებელმა არტურო გარსიამ გადაწყვიტა, ხელახლა შეექმნა ავატარის ინტრო, თუმცა მასში ჩვეულებრივი მაგების ნაცვლად დინოზავრები ჩასვა. ამ მოკლე, 15-წამიან ვიდეოში ნაჩვენებია ოთხი სხვადასხვა დინოზავრი, რომელიც საკუთარი ელემენტის მაგიას წარმოგვიდგენს. ვიდეოს აღწერაში წერია, რომ მასში არის სპინოზავრი, ანკილოზავრი, დაკოტარაპტორი და აზდარქიდი. აი, თავად იხილეთ:

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როცა ფანებმა ავატარის დასაწყისის თავისებურად გადაკეთება გადაწყვიტეს. ერთ-ერთმა ფანმა ამ ცნობილი ინტროს ულამაზესი 3D ვერსია შექმნა, კიდევ ერთმა კი გადაწყვიტა, მასში მაგების ნაცვლად პოკემონები ჩაესვა. ალბათ, ეს ქმნილებები იმაზე მეტყველებს, თუ რამდენად პოპულარულია ავატარი და რამდენად დიდი კულტურული მნიშვნელობა ჰქონდა მას. მართალია, სერიალი ჯერ კიდევ 2008 წელს დასრულდა, მაგრამ მას ფანებისთვის დღემდე ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს.

ამავე თემაზე: