COVID-19-ის დიაგნოზის მქონე თითქმის ყოველ მეხუთე ადამიანს მოგვიანებით ისეთი ფსიქიატრიული დარღვევა უვლინდება, როგორიცაა: შფოთვითი აშლილობა, დეპრესია ან უძილობა. აღნიშნული დაავადებების პირველი ჩივილების გამოვლენის პერიოდი ტესტირებაზე დადებითი პასუხიდან 3 თვეს მოიცავს, იუწყება ჟურნალში Lancet Psychiatry გამოქვეყნებული ახალი კვლევა.

ანალიზის ავტორები ოქსფორდის უნივერსიტეტისა და ოქსფორდის ჯანდაცვის ბიო-სამედიცინო კვლევითი ცენტრის მეცნიერები არიან. მათ ასევე გამოკვეთეს, რომ იმ ადამიანებს, რომელთაც კორონავირუსით ინფიცირებამდე ფსიქიატრიული დიაგნოზი უკვე დასმული ჰქონდათ, COVID-19-ით ავადობის 65%-ით მეტი რისკი აქვთ, ვიდრე დანარჩენებს. ეს ყოველივე კი მიუხედავად აქამდე ცნობილი ისეთი სხვა რისკ-ფაქტორებისა, როგორიცაა: ასაკი, სქესი, რასა და თანმდევი დაავადებები.

"ეს მიგნება მოულოდნელი გახლდათ და იგი გამოკვლევას საჭიროებს. ამასობაში კი, დიაგნოსტირებული ფსიქიკური აშლილობა COVID-19-ის რისკ-ფაქტორების სიას უნდა დაემატოს", — აცხადებს მაქს ტაქუ, კვლევის ერთ-ერთი ავტორი.

აღნიშნულ დასკვნამდე მისასვლელად მკვლევრებს დიდი შრომა დასჭირდათ. პაციენტთა ჯანმრთელობის შესახებ ინფორმაცია მათ ამერიკული კომპანიისგან გამოითხოვეს, რომელიც ჯანდაცვის 54 პუნქტში კრებს მონაცემებს და ამგვარად, საკუთარ ბაზაში 70 მილიონამდე ადამიანის ანონიმურ სამედიცინო ისტორიას ინახავს. ამ ბაზაში ასევე მოხვდა 20 იანვრიდან 1 აგვისტომდე COVID-19-ით დიაგნოსტირებული 62 354 პაციენტის მონაცემიც. ეს ის კლინიკური შემთხვევები გახლავთ, რომელთაც ჰოსპიტალიზაცია ან გადაუდებელი სამედიცინო დახმარება არ დასჭირვებია. როგორც აღმოჩნდა, ფსიქიატრიული დიაგნოზის დასმის ალბათობა COVID-19-ის დიაგნოზის დასმის შემდეგ 14-90 დღის შუალედში 18,1%-ს შეადგენდა. აქედან 5,8% პირველად დიაგნოსტირებულ ფსიქიკურ პრობლემებზე მოდიოდა.

იმისთვის, რომ მკვლევრებს აღნიშნული სტატისტიკური მაჩვენებლის მიზეზები ზუსტად გამოეკვლიათ, მათ მიღებული მონაცემები იგივე პერიოდში დაფიქსირებულ სხვა დაავადებებს (გრიპი, სასუნთქი სისტემის სხვა დაავადებები, კანის ინფექციები, ნაღვლ-კენჭოვანი დაავადება, კენჭები საშარდე სისტემაში, მსხვილი ძვლის მოტეხილობა) შეადარეს.

COVID-19-ის დიაგნოზის დასმის შემდეგ პირველ სამ თვეში პაციენტთა 5,8%-ს ცხოვრებაში პირველად ფსიქიკური დარღვევები დაუდგინდა. შედარებისათვის: სხვა დაავადებების შემთხვევაში აღნიშნული მაჩვენებელი 2,5-3,4% შუალედში მერყეობდა.

ოქსფორდის უნივერსიტეტის ფსიქიატრიის პროფესორმა, პოლ ჰარისონმა აღნიშნა, რომ უფრო მეტი კვლევაა ჩასატარებელი იმისათვის, რათა ფსიქიატრიული აშლილობის დიაგნოზი პირდაპირ კორონავირუსს დავუკავშიროთ. ფიზიკურ ჯანმრთელობაზე გავლენის მქონე სხვა ზოგადი ფაქტორები (სოციო-ეკონომიკური მდგომარეობა, სიგარეტის მწეველობა, ნარკოტიკების მოხმარება) დამუშავებულ მონაცემთა ბაზაში აღწერილი არ გახლდათ. ამას გარდა, პანდემიის თანმდევ ზოგად სტრესულ გარემოს მნიშვნელოვანი როლის თამაში შეეძლო, აღნიშნავს ჰარისონი.

კვლევა ვარაუდობს, რომ მძიმე სოციო-ეკონომიკური მდგომარეობაში მყოფი ადამიანები ფსიქიკური დაავადებების უფრო მაღალ რისკ-ჯგუფს უნდა მიეკუთვნებოდნენ. სიღარიბე ასევე ზრდის კორონავირუსით ინფიცირების რისკს, რადგანაც იგი ლამის ავტომატურად მოიაზრებს მრავალწევრიან საცხოვრებელსა და საფრთხის შემცველ სამუშაო გარემოს.

სრულიადაც არ არის წარმოუდგენელი, რომ COVID-19-ს პირდაპირი გავლენა ჰქონდეს თქვენს ტვინსა და ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე. თუმცა, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს უნდა დამტკიცდეს,

პოლ ჰარისონი ოქსფორდის უნივერსიტეტის ფსიქიატრიის პროფესორი

განსაკუთრებით საყურადღებო აღმოჩნდა დემენციის გაორმაგებული შემთხვევები. ეს უკანასკნელი, ჯანმრთელობის სხვა მდგომარეობებისაგან განსხვავებით, შეუქცევადია.

შესაძლოა, რომ ჰოსპიტალში ან ოჯახის ექიმთან COVID-19-ის დიაგნოსტირებისათვის მისული ადამიანის გასინჯვა ექიმს საშუალებას აძლევს, აქამდე არსებული ჯანმრთელობის მდგომარეობების ისეთი სხვა დარღვევებიც აღმოაჩინოს, როგორიცაა ალცჰაიმერის დაავადება, შენიშნავს პროფესორი ჰარისონი. იგი იქვე დასძენს, რომ კორონავირუსსა და ფსიქიკურ ჯანმრთელობას შორის კავშირების ინტერპრეტაცია სიფრთხილით უნდა მოხდეს.

ახალი კვლევის ავტორთა აზრით, მხოლოდ დროს შეუძლია გვითხრას, თუ როგორ შეიცვლება ფსიქიკური დაავადებების გამოვლენის სამთვიანი პერიოდი.

კორონავირუსის ტვინზე გავლენის შესახებ კვლევები უკვე დაწყებულია. ჯერ კიდევ ივლისში, ნევროლოგებმა დიდ ბრიტანეთში კორონავირუსით ინფიცირებული 40 პაციენტის მძიმე ნევროლოგიური გართულებები აღწერეს. მათ შორის იყო: ტვინის ანთება, დელირიუმი, ნერვული დაზიანება და ინსულტი.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად, მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.