ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, არმაზ ახვლედიანის თქმით, აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს საქართველოში ჩამოსვლა ნიშნავს, რომ აშშ არ შეეგუება ქვეყანაში არადემოკრატიული რეჟიმის არსებობას.

ახვლედიანი აცხადებს, რომ აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის გაფორმებული დეკლარაცია ბაქოსა და ერევანს პირდაპირ აქცევს მოსკოვის გავლენის ქვეშ და ამ ფონზე, საქართველო რჩება აშშ-ს ერთადერთი დასაყრდენი რეგიონში.

"ბაქო და ერევანი კრემლის ამ ავანტიურის შედეგად, დიდი ხნით ექცევა მოსკოვის პირდაპირი გავლენის ქვეშ. ამ ვითარებაში აშშ-სთვის საქართველო რჩება ერთადერთ საიმედო საყრდენად რეგიონში. თუმცა, ამის უზრუნველსაყოფად აუცილებელია ერთი უმთავრესი პირობა: საქართველოს მტკიცე ნაბიჯებით სვლა ევროატლანტიკური გზით, რაც შეუძლებელია ქვეყანაში რეალური დემოკრატიული პროცესის დაწყების გარეშე!

ყველაფერი ნათელია: აშშ-სთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია საქართველოში დემოკრატიულ პრინციპებზე დამყარებული, დასავლური ორიენტაციის მმართველობა და საზოგადოების კონსოლიდირებული ნდობა სამართლიანი არჩევნების შედეგად არჩეული ასეთი ხელისუფლების მიმართ! ივანიშვილის არადემოკრატიული მმართველობა საუკეთესო, ნოყიერი ნიადაგია საქართველოში კრემლის ინტერესების დასამკვიდრებლად. სწორედ ამიტომ, აშშ ვერასდროს შეეგუება საქართველოში არადემოკრატიულ რეჟიმს და ყოველთვის იქნება თავისუფლებისმოყვარე ქართველი ხალხის დემოკრატიული მისწრაფებების უმთავრესი გარანტი", — განაცხადა ახვლედიანმა.

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს ვიზიტი თბილისში 17-18 ნოემბერს გაიმართება.

გაიგეთ მეტი: