"ყოველთვის ხაზს ვუსვამდი, რომ დანაშაული ჩავიდინე, მაგრამ იმაზე მეტად ვარ დასჯილი, ვიდრე ჩვეულებრივი მოძალადე და მკვლელი ხშირ შემთხვევაში", — ამის შესახებ, მუსიკოსმა მიხეილ თოდუამ ფორმულას პირდაპირ ეთერში განაცხადა.

მისი თქმთ, ყველაზე რთულია ებრძოლო უსამართლობას, რომელიც მოსვენებას არ გაძლევს.

"დაჭერის დღიდან ვფიქრობდი და ვდარდობდი რომ ჩემს მიმართ იქნებოდა არასწორი განაჩენი", — განაცხადა მუსიკოსმა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მუსიკოს მიხაილოს სასამართლო პროცესი გაიმართება.

პრობაციის სამსახური მუსიკოს მიხაილო თოდუას ციხეში დაბრუნებას მოითხოვს. როგორც მუსიკოსმა On.ge-ს უთხრა, პრობაციის სამსახურს სურს, რომ საპატიმროში სასჯელის დარჩენილი ვადით, წელიწადითა და ათი თვით დაბრუნდეს. თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი 11 ნოემბერს, 14:00 საათზე გაიმართება.

მიხაილო თოდუას თქმით, მას საპატიოდ 13-14 და 17 ოქტომბრის ღონისძიებები არ ჩაუთვალეს — 17 ოქტომბერს მან გირჩის პარტიულ ღონისძიებაზე, ღამის ათი საათის შემდეგ დაუკრა.

მუსიკოსი მიხეილ თოდუა (მიხაილო) 2013 წლის სექტემბერში 12 გრამი MDMA-სთვის დააკავეს და 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მას საპროცესო შეთანხმება შესთავაზეს, თუმცა, 20 ათასი ლარის არქონის გამო სასჯელს საპატიმროში იხდიდა. საბოლოოდ, თოდუამ საპატიმრო დაწესებულება 2019 წელს დატოვა, ხოლო დარჩენილი ვადა შინაპატიმრობით შეეცვალა.

შინაპატიმრობის პირობებში ის ვალდებულია, ატაროს ელექტროსამაჯური და საღამოს 9 საათის შემდეგ სახლიდან არ გავიდეს. ღონისძიებებზე დაკვრის შემთხვევაში კი პრობაციის სამსახურს უნდა მიმართოს.

გაიგე მეტი: