ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი მუსიკოსის, მიხაილოს საქმესთან დაკავშირებით აცხადებს, რომ თბილისის პრობაციის ბიუროს მოთხოვნა, მიხაილოს მიმართ კვლავ პატიმრობის გამოყენების თაობაზე, არის დაუსაბუთებელი, უსამართლო და ეწინააღმდეგება მსჯავრდებულის რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის მიზნებს. EMC სასამართლოში მიხაილოს ინტერესებს წარმოადგენს.

"ამ დრომდე, პრობაციის ბიუროს მიერ ყველა ღონისძიებაში მონაწილეობა მიიჩნეოდა საპატიო გარემოებად და გაუგებარია, ამჯერად რა არგუმენტით არ ჩაეთვალა მიხაილოს საცხოვრებელ სახლში არყოფნა საპატიოდ. მიხაილოს მიერ პროფესიული საქმიანობის განხორციელება დასტურდება დამსაქმებლების მიერ გაცემული ოფიციალური დოკუმენტებით, თუმცა პრობაციის ბიუროს წარდგინებაში არ ჩანს დასაბუთება, რა არგუმენტებით ჩაითვალა ეს დოკუმენტები არასაკმარისად", — ამბობენ ორგანიზაციაში.

EMC აღნიშნავს, რომ მუსიკოსისთვის მისი საქმიანობა არამარტო პროფესიული განვითარების საშუალება, არამედ მისი ერთადერთი შემოსავლის წყაროცაა, რის გარეშეც მისთვის ყოველდღიური ეკონომიკური საჭიროებების დაკმაყოფილება შეუძლებელი იქნება.

"ცალსახაა, რომ მსჯავრდებულის მიერ რეჟიმის დაუცველობა გამოწვეულია არა თვითნებობით, მასზე დაკისრებული მოვალეობისადმი უპასუხისმგებლო, გულგრილი დამოკიდებულებით ან დადგენილი რეჟიმის დარღვევის მიზნად დასახვით, არამედ ობიექტური გარემოების არსებობით, რაც თავის მხრივ, შესაძლოა მსჯავრდებულის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურებოდეს", — აცხადებს EMC.

ორგანიზაციის განცხადებით, პროფესიული განვითრება და მუსიკის დარგში საქმიანობა მიხაილოს რესოციალიზაციის მიზანს პირდაპირ ემსახურება და მნიშვნელოვანია, რომ ჩაითვალოს საპატიო გარემოებად. მათივე თქმით, წარდგინების დაკმაყოფილება და სასჯელის მოსახდელად კვლავ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში დაბრუნება მსჯავრდებულის რესოციალიზსაციის პროცესს ხელს შეუშლის და უმძიმებს ეფექტს იქონიებს პირადად მასზე და მისი ოჯახის წევრებზე.

მუსიკოსი მიხეილ თოდუა (მიხაილო) 2013 წლის სექტემბერში 12 გრამი MDMA-სთვის დააკავეს და 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მას საპროცესო შეთანხმება შესთავაზეს, თუმცა, 20 ათასი ლარის არქონის გამო სასჯელს საპატიმროში იხდიდა. საბოლოოდ, თოდუამ საპატიმრო დაწესებულება 2019 წელს დატოვა, ხოლო დარჩენილი ვადა შინაპატიმრობით შეეცვალა.

შინაპატიმრობის პირობებში ის ვალდებულია, ატაროს ელექტროსამაჯური და საღამოს 9 საათის შემდეგ სახლიდან არ გავიდეს. ღონისძიებებზე დაკვრის შემთხვევაში კი პრობაციის სამსახურს უნდა მიმართოს.

პრობაციის სამსახური მუსიკოს მიხაილო თოდუას ციხეში დაბრუნებას მოითხოვს. მიხაილო თოდუას თქმით, მას საპატიოდ 13-14 და 17 ოქტომბრის ღონისძიებები არ ჩაუთვალეს — 17 ოქტომბერს მან გირჩის პარტიულ ღონისძიებაზე, ღამის ათი საათის შემდეგ დაუკრა.