მუსიკოსი მიხაილო (მიხეილ თოდუა) ამბობს, რომ პრობაციის სააგენტოს გადაწყვეტილება პოლიტიკურია და ეს გირჩის მიერ გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობას უკავშირდება. ამის შესახებ მან ფორმულას ეთერში განაცხადა.

"ვფიქრობ, რომ ამ ყველაფერს რაღაც პოლიტიკური სარჩელი აქვს. დიდიხანია ვფიქრობ მაგრამ, რეალურად ვერ ვხვდები რა ვიფიქრო, სხვა მიზეზს ვერ ვხედავ, გარდა პოლიტიკური სარჩულისა, რომ გირჩის მიერ ორგანიზებულ საღამოში მივიღე მონაწილეობა", — ამბობს მიხეილ თოდუა.

თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს მუსიკოს მიხაილოს სასამართლო პროცესი გაიმართება.

პრობაციის სამსახური მუსიკოს მიხაილო თოდუას ციხეში დაბრუნებას მოითხოვს. როგორც მუსიკოსმა On.ge-ს უთხრა, პრობაციის სამსახურს სურს, რომ საპატიმროში სასჯელის დარჩენილი ვადით, წელიწადითა და ათი თვით დაბრუნდეს. თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი 11 ნოემბერს, 14:00 საათზე გაიმართება.

მიხაილო თოდუას თქმით, მას საპატიოდ 13-14 და 17 ოქტომბრის ღონისძიებები არ ჩაუთვალეს — 17 ოქტომბერს მან გირჩის პარტიულ ღონისძიებაზე, ღამის ათი საათის შემდეგ დაუკრა.

მუსიკოსი მიხეილ თოდუა (მიხაილო) 2013 წლის სექტემბერში 12 გრამი MDMA-სთვის დააკავეს და 9-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მას საპროცესო შეთანხმება შესთავაზეს, თუმცა, 20 ათასი ლარის არქონის გამო სასჯელს საპატიმროში იხდიდა. საბოლოოდ, თოდუამ საპატიმრო დაწესებულება 2019 წელს დატოვა, ხოლო დარჩენილი ვადა შინაპატიმრობით შეეცვალა.

შინაპატიმრობის პირობებში ის ვალდებულია, ატაროს ელექტროსამაჯური და საღამოს 9 საათის შემდეგ სახლიდან არ გავიდეს. ღონისძიებებზე დაკვრის შემთხვევაში კი პრობაციის სამსახურს უნდა მიმართოს.

გაიგე მეტი:

პრობაციის სამსახური მიხაილო თოდუას ციხეში დაბრუნებას მოითხოვს — პროცესი 11 ნოემბერს გაიმართება