2 ნოემბერს ნიდერლანდებში მატარებელი და მისი მემანქანე ბეწვზე გადარჩნენ მას შემდეგ, რაც მეტროს ამაღლებული ლიანდაგების ბოლოს ბარიერი გაარღვიეს. საბედნიეროდ, 10 მეტრის სიმაღლიდან ჩამოვარდნის ნაცვლად მატარებელი — ძლივძლივობით, მაგრამ მაინც — ვეშაპების გიგანტური ქანდაკების კუდზე ჩამოესვენა.

მემანქანემ, რომელიც ავარიის მომენტში მატარებელში მყოფი ერთადერთი ადამიანი იყო, დროულად მოახერხა ვაგონის დატოვება და ის არ დაშავებულა. როტერდამის მეტროს ამ ინციდენტში სხვა ადამიანები არ დაზიანებულან.

ჯერჯერობით უცნობია, რამ გამოიწვია ავარია, თუმცა დაწყებულია იმის გამოძიება, თუ რატომ არ ამოქმედდა მატარებლის უსაფრთხოების ზომები. პოლიციამ მემანქანე გამოკითხა, თუმცა ვერაფერი დაადგინა იმის მანიშნებელი, რომ მან რამე არასწორად გააკეთა.

ავარიის ამბავი მალევე გავრცელდა და სანახაობის ირგვლივ ათობით ადამიანმა მოიყარა თავი. ოფიციალურმა პირებმა ხალხს დაშლისკენ მოუწოდეს და შეახსენეს, რომ COVID-19-ის უსაფრთხოების ზომების დაცვა ჯერ კიდევ სავალდებულოა.

"ჰოლივუდური ფილმის სცენას ჰგავდა. მადლობა ღმერთს, [ქანდაკების] კუდი იქ იყო", — თქვა როტერდამის არეალის უსაფრთხოებაზე პასუხისმგებელმა რუუდ ნატროპმა.

ქანდაკება, რომელიც ვეშაპის ორ 10-მეტრიან კუდს წარმოადგენს, 2002 წელს არქიტექტორმა მარტენ სტრუიჯსმა შექმნა. სახალისო დამთხვევაა, რომ ქანდაკებას "ვეშაპის კუდის მიერ გადარჩენილი" ჰქვია. ნიდერლანდური საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, ის "ლიანდაგის კუდის" იდეას ეფუძნება — ფრაზის, რომელიც ლიანდაგის იმ ნაწილის აღსაწერად გამოიყენება, რომელზეც მატარებლები არასამუშაო დროს პარკირდებიან.

როცა ავარიის ამბავი სტრუიჯსმა გაიგო, მას ძალიან გაუკვირდა, რომ ქანდაკებამ, რომელიც გამაგრებული პლასტმასისგანაა აგებული, მატარებლის სიმძიმის დაჭერა მოახერხა.

"ამას ვერასდროს წარმოვიდგენდი, თუმცა მან მემანქანის სიცოცხლე გადაარჩინა. ძალიან გაოცებული ვარ, რომ ასეთი გამძლე გამოდგა... როცა პლასტმასი უკვე 20 წელია იქ დგას, არ ელი, რომ მას მატარებლის სიმძიმის ატანა შეუძლია", — განაცხადა სტრუიჯსმა.

სტრუიჯსის თქმით, მის ქანდაკებაზე ჩამოსვენებული დაზიანებული მეტროს ვაგონის სურათი "თვითონვეა ხელოვნების ნიმუში". მან აღნიშნა, რომ ეს ფოტოები "Rode BMW-ის" სცენას აგონებს — Kunst & Vaarwerk-ის 1987 წლის ხელოვნების ნიმუშის, რომელიც შუა ვარდნისას პარკინგის გარაჟის კედელში გაყინულ რეალური ზომის წითელ მანქანას წარმოადგენს.

ავარიის ადგილზე ფოტოგრაფი ჯოი ბრემერიც მივიდა. გამოკიდებული მეტროს მისმა ფოტოებმა Twitter-ზე ნამდვილი აღიარება ჰპოვეს. ბრემერის თქმით, დილით მას ათასობით რეტვიტი და ასობით შეტყობინება დახვდა.

"გაოგნებული ვიდექი. ამ საქმეს უკვე წლებია, ვაკეთებ, მაგრამ ეს შემთხვევად ნამდვილად დასამახსოვრებელია. ასეთ რამეს ვერ მოიგონებ", — თქვა ფოტოგრაფმა.