ამ წელს სოციალურ ქსელებშიც კი იშვიათად გადაეყრებოდით კომიკურ და სახალისო ინფორმაციას, თუმცა ქართველ პაციენტსა და საავადმყოფოს ოპერატორს შორის გამართული საუბრის ჩანაწერი ის იშვიათი გამონაკლისია, რომელმაც მოახერხა და ლამის მთელი ქვეყანა გაამხიარულა.

ასე იქცა შალვა შენგელი ბოლო დროის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პაციენტად, თუმცა აჯობებს, მოვლენებს თანმიმდევრულად მივყვეთ.

თავდაპირველად სოციალურ ქსელებში გამოჩნდა ჩანაწერი, რომელიც ერთი შეხედვით სრულიად ფორმალურ — პაციენტისა და ოპერატორის დიალოგს უნდა ასახავდეს, თუმცა ყველასთვის კარგად ნაცნობმა პროცედურამ საოცრად კომიკური სახე პაციენტის რეაქციების გამო მიიღო.

" – 10 ნოემბერს არის რევმატოლოგ ხათუნა ლეწვერიძესთან ჩაწერის საშუალება.

– ამ წლის?" — ვისმენთ საუბარში.

მოგვიანებით ჩანაწერი ამ ცნობილმა პაციენტმა, შალვა შენგელმაც გაავრცელა და გარემოება უფრო ზუსტად ახსნა: ოქტომბრის შუა რიცხვებში მეტ-ნაკლებად გადაუდებელი საჭიროების გამო სურდა რევმატოლოგთან ჩაწერა, თუმცა კონკრეტული კლინიკის ოპერატორმა უახლოეს შესაძლო დროდ მას 10 ნოემბერი დაუსახელა, რაც ერთთვიან ლოდინს უდრიდა.

როგორც აღმოჩნდა, შალვა შენგელმა სხვა სპეციალისტთან კონსულტაცია 10 ნოემბრამდე გაიარა, თუმცა მის ამ კონკრეტულ ვიზიტს ხომ ლამის მთელი ერი გულშემატკივრობდა?

ამიტომაც, იმედი არ გაგვიცრუა.

და გუშინ, 10 ნოემბერს ნამდვილად გაემართა რევმატოლოგთან კონსულტაციაზე.

საბოლოოდ კი, შეგვიძლია, ყველამ ერთხმად ამოვისუნთქოთ: დიახ, ამ წლის 10 ნოემბერს მან მაინც მოახერხა ექიმთან მისვლა და მის მდგომარეობაზე ვინმემ კიდევ რომ არ ინერვიულოს, დიაგნოზიც საჯაროდ გაგვიზიარა.