მიტანის სერვისის მიმწოდებელ კომპანია Glovo-ს განცხადებით, გუშინ, 9 ნოემბერს, რუსთაველზე სერვისის შეჩერების მიზეზი ის იყო, რომ კურიერებს აქციის ტერიტორიაზე არაერთი სირთულე შეექმნათ. კომპანიამ Facebook-ზე განცხადება მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც მომხმარებლებმა აქციის მიმდებარე ტერიტორიაზე მიტანის სერვისის შეჩერების გამო გააკრიტიკეს. აღსანიშნავია, რომ Glovo არ აკონკრეტებს, რა სირთულეები შეექმნათ კურიერებს.

"გუშინ აქციის ტერიტორიის ჩაკეტვა მოგვიწია შემდეგი საოპერაციო მიზეზების გამო:

  • პარტნიორი კურიერების უკუკავშირზე დაყრდნობით მათ არაერთი სირთულე შეექმნათ აქციის ტერიტორიაზე 9 ნოემბერს;
  • გადაადგილების შეზღუდვა, განსაკუთრებით მანქანიანი კურიერებისთვის, რომელთა რიცხვიც დიდი მოცულობის შეკვეთებიდან და ცივი ამინდიდან გამომდინარე ამ პერიოდში საგრძნობლად გაზრდილია.
  • კურიერების უსაფრთხოება 8 ნოემბერს განვითარებული მოვლენებიდან გამომდინარე;

აქვე, გვინდა ხაზი გავუსვათ, რომ აქამდე Glovo არაერთხელ ყოფილა მაშველი რგოლი პანდემიის, კარანტინის და სხვა რთული დღეების დროს მომხმარებელებისთვისაც და პარტნიორი ობიექტებისთვისაც. ჩვენთვის ადამიანების უსაფრთხოება პრიორიტეტია და იმასაც ვაცნოებიერებთ, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების დროს თანაბრად უნდა ვემსახურებოდეთ სამივე ჩართული მხარის, მოხმარებლების, პარტნიორებისა და კურიერების ინტერესებს", — აცხადებენ კომპანიაში.

ამასთან, Glovo აღნიშნავს, რომ სრულად იღებს პასუხისმგებლობას, რომელიც აკისრია იმ ადამიანების წინაშე, რომლებსაც პანდემიის, მიმდინარე მოვლენების და გადაადგილების შეზღუდვის გამო მიტანის სერვისი ყველაზე მეტად სჭირდებათ. კომპანიის განცხადებით, გადაადგილების შეზღუდვის მოქმედების პერიოდში, ანუ 22:00 საათიდან 05:00 საათამდე, ყველა ქალაქში, აფთიაქისა და სუპერმარკეტის კატეგორიიდან ყველა მოქალაქეს უფასო მიტანის სერვისით მოემსახურებიან.

"გუშინდელი ფორსმაჟორული სიტუაციის გამოცდილება დაგვეხმარება მომავალში ანალოგიური სირთულეების უკეთესად მართვაში და ვეცდებით ჩვენი სერვისი ყველასთვის და ყველგან იყოს ხელმისაწვდომი", — აცხადებენ Glovo-ში.

გუშინ, 9 ნოემბერს, რუსთაველის გამზირზე შეკრებილმა მოქალაქეებმა, რომლებმაც იქ ღამე გაათენეს, Glovo-ს სერვისების მიღება ვერ შეძლეს. როგორც მოგვიანებით გაირკვა, აქციის მიმდებარე ტერიტორიიდან შეკვეთების მიღება დროებით შეწყდა. მოქალაქეების ნაწილმა კომპანიას Facebook-ზე მისწერა, Glovo-ს პასუხი კი იყო ის, რომ კურიერები "გარკვეული მიზეზების გამო" ტერიტორიაზე მისვლას ვერ ახერხებდნენ. აღსანიშნავია ისიც, რომ იმავე პერიოდში რუსთაველზე გამოძახებებზე გლოვოს კონკურენტი კომპანია მიდიოდა.