საქართველოს პრემიერმინისტრი გიორგი გახარია სომხეთის რესპუბლიკის პრემიერმინისტრ ნიკოლ ფაშინიანს ტელეფონით ესაუბრა და ყარაბაღის შეთანხმება განიხილა. საქართველოს პრემიერი აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევსაც ესაუბრა.

როგორც მთავრობის ადმინისტრაციაში აცხადებენ, მხარეებმა მიმოიხილეს მთიანი ყარაბაღის რეგიონის გარშემო არსებული ვითარება, აღნიშნეს ცეცხლის შეწყვეტის სრულმასშტაბიანი შეთანხმების მიღწევის მნიშვნელობა და იმედი გამოხატეს მისი იმპლემენტაციის პროცესში პოზიტიური დინამიკის შენარჩუნებაზე. პრემიერმინისტრებმა ხაზი გაუსვეს სამხრეთ კავკასიაში კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების მნიშვნელობას რეგიონის ქვეყნების სტაბილურობისა და განვითარებისთვის.

ყარაბაღში ომის შეწყვეტის შეთანხმებას გამოეხმაურა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროც. უწყებაში იმედი გამოთქვეს, რომ შეთანხმება ხელს შეუწყობს კონფლიქტის მოგვარების სრულმასშტაბიან პროცესს.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ კავკასიაში ახალი ერა იწყება. გარდა ამისა, ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა ფასილიტატორებს. როგორც ცნობილია, შეთანხმების ტექსტის ხელმოწერაში რუსეთი და უშუალოდ პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მონაწილეობდა.

9 ნოემბერს გვიან ღამით სომხეთმა და აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღში ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. სომხეთში შეთანხმება კაპიტულაციად აღიქვეს, რასაც მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. დემონსტრანტები მთავრობის სახლში და პარლამენტში შეიჭრნენ. გარდა ამისა, ზოგიერთი პარლამენტის სპიკერს დაესხა თავს და ფიზიკურად გაუსწორდა. მას ოპერაცია ჩაუტარდა. ერევნისგან განსხვავებით, ბაქოში შეთანხმებას სიხარულით შეხვდნენ.

სამმხრივ დოკუმენტს ხელი სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიავმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოაწერეს ხელი. შეთანხმების თანახმად, სომხური მხარე აზერბაიჯანს კონფლიქტის ზონაში რამდენიმე ტერიტორიას გადასცემს, მთიან ყარაბაღში ბრუნდებიან დევნილები, კონფლიქტის ხაზის გასწვრივ კი რუსი სამშვიდობოები განლაგდებიან. რა სტატუსი ექნება მთიანი ყარაბაღის რეგიონს, შეთანხმებაში არ წერია.

ილჰამ ალიევი ამბობს, რომ რუსი სამხედროების გარდა ზონაში თურქი მშვიდობისმყოფელებიც იქნებიან. მან შეთანხმებას ისტორიული უწოდა და აღნიშნა, რომ ეს სომხეთის კაპიტულაციას ნიშნავს.

ფაშინიანი კი აღნიშნავს, რომ შეთანხმების ხელმოწერის გარდა, სხვა გზა არ ჰქონდა. როგორც ის განმარტავს, გადაწყვეტილება ანალიზის შედეგად მიიღეს.

ამავე თემაზე: