აშშ-ს ყოფილი ელჩი, იან კელი ეხმაურება ყარაბაღის შეთანხმებასთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის მილოცვას.

"როგორ შეუძლა საქართველოს პრეზიდენტს შეთანხმების მილოცვა, რომელიც ამყარებს კავკასიაში რუსეთის კიდევ ერთ ოკუპაციას და ბლოკავს დასავლეთს?" — წერს იან კელი ტვიტერზე.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ კავკასიაში ახალი ერა იწყება. გარდა ამისა, ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა ფასილიტატორებს. როგორც ცნობილია, შეთანხმების ტექსტის ხელმოწერაში რუსეთი და უშუალოდ პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მონაწილეობდა.

9 ნოემბერს გვიან ღამით სომხეთმა და აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღში ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. სომხეთში შეთანხმება კაპიტულაციად აღიქვეს, რასაც მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. დემონსტრანტები მთავრობის სახლში და პარლამენტში შეიჭრნენ. გარდა ამისა, ზოგიერთი პარლამენტის სპიკერს დაესხა თავს და ფიზიკურად გაუსწორდა. მას ოპერაცია ჩაუტარდა. ერევნისგან განსხვავებით, ბაქოში შეთანხმებას სიხარულით შეხვდნენ.

სამმხრივ დოკუმენტს ხელი სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიავმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოაწერეს ხელი. შეთანხმების თანახმად, სომხური მხარე აზერბაიჯანს კონფლიქტის ზონაში რამდენიმე ტერიტორიას გადასცემს, მთიან ყარაბაღში ბრუნდებიან დევნილები, კონფლიქტის ხაზის გასწვრივ კი რუსი სამშვიდობოები განლაგდებიან. რა სტატუსი ექნება მთიანი ყარაბაღის რეგიონს, შეთანხმებაში არ წერია.

ილჰამ ალიევი ამბობს, რომ რუსი სამხედროების გარდა ზონაში თურქი მშვიდობისმყოფელებიც იქნებიან. მან შეთანხმებას ისტორიული უწოდა და აღნიშნა, რომ ეს სომხეთის კაპიტულაციას ნიშნავს.

ფაშინიანი კი აღნიშნავს, რომ შეთანხმების ხელმოწერის გარდა, სხვა გზა არ ჰქონდა. როგორც ის განმარტავს, გადაწყვეტილება ანალიზის შედეგად მიიღეს.

ამავე თემაზე: