გაბრაზებული დემონსტრანტები პერუს ქუჩებში გამოვიდნენ მას შემდეგ, რაც სასამართლომ გადაწყვიტა, რომ იმ ქალებს, რომლებსაც წითელი საცვლები აცვიათ, გაუპატიურების შემთხვევაში პრეტენზია არ უნდა ჰქონდეთ, რადგან ისინი "სექსს ითხოვენ".

სასამართლომ გაუპატიურებაში ბრალდებული კაცი იმის გამო გაათავისუფლა, რომ თავდასხმის ღამეს მსხვერპლ ქალს წითელი საცვლები ეცვა და, შესაბამისად, ის "სექსისთვის მზად იყო ან უნდოდა".

ფოტო: ica.feminista/Newsflash

ამ საკამათო გადაწყვეტილებამ ქვეყანაში აღშფოთება გამოიწვია მოსამართლეების მიმართ, რომელთა შორისაც ორი ქალი და ერთი კაცი იყო და რომლებმაც გადაწყვიტეს, რომ მსხვერპლი სინამდვილეში ისეთი მორცხვი და მორიდებული ქალი არ იყო, როგორც ხალხს თავს აჩვენებდა, და წითელი საცვლები იმის მანიშნებელია, რომ ეს გაუპატიურება არ ყოფილა.

"მის მიერ წარმოჩენილი ვითომდა მორცხვი პიროვნება არ შეესაბამება იმ საცვლებს, რომელიც მას ინციდენტის დღეს ეცვა. ქალის საცვლების ეს ტიპი, როგორც წესი, სპეციალური შემთხვევების დროს გამოიყენება, რომლებსაც ინტიმურობის მომენტები მოსდევს ხოლმე, რაც იმის შთაბეჭდილებას ტოვებს, რომ ქალი მზად იყო ან უნდოდა, ბრალდებულთან სექსი ჰქონოდა", — განაცხადეს პერუს ქალაქ იკას მოსამართლეებმა.

20 წლის გოგო აცხადებს, რომ მან გონება დაკარგა მას შემდეგ, რაც 22 წლის ბრალდებულმა ჯანკარლო მიგელ ესპინოზა რამოსმა ის მოტყუებით წვეულებაზე წაიყვანა. მომდევნო დღეს მას რამოსის საწოლში გაეღვიძა შიშველს.

29 ოქტომბერს მიღებული სადავო გადაწყვეტილების შემდეგ საპროტესტო აქციის მონაწილეებმა ოფიციალურ პირებს გადაწყვეტილების შეცვლა მოსთხოვეს. დემონსტრანტები აქციაზე მსხვერპლის სოლიდარობის ნიშნად ხელაწეულები დგანან, ფეხებს შორის ჩამოწეული წითელი საცვლებით. ზოგი გაბრაზებული მომიტინგე აბრებითაა მოსული, რომლებზეც ასეთ ფრაზებს ვხედავთ: "გვისმინეთ, მოსამართლეებო. გაუპატიურების გასამართლებლად ჩვენს საცვლებს ნუ გამოიყენებთ", "საცვალი მხოლოდ საცვალია, ეს სექსის მოთხოვნა არ არის".

ფოტო: ica.feminista/Newsflash

30 ოქტომბერს, სასამართლოს გადაწყვეტილების მომდევნო დღეს, პერუს ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მათ გადაწყვეტილების ანულირება მოითხოვეს და რომ სხვა სასამართლოში ახალი მოსმენა დაინიშნება.

ორშაბათს, 2 ნოემბერს, სასამართლო ძალაუფლების მართვის ორგანომ მოსამართლეების გადაწყვეტილების გამოძიება დაიწყო და ის გადაწყვეტს, საჭიროა თუ არა დისციპლინარული გამოძიების წარმოება.