საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სომხეთსა და აზერბაიჯანს ულოცავს შეთანხმების გამფორმებას. როგორც მან ტვიტერზე დაწერა, მშვიდობას ალტერნატივა არ აქვს. ზურაბიშვილმა მადლობა გადაუხადა ფასილიტატორებს.

როგორც ცნობილია, შეთანხმების ტექსტის ხელმოწერაში რუსეთი და უშუალოდ პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მონაწილეობდა. ამასთან, აღნიშნულ შეთანხმებას სიხარულით შეხვდნენ ბაქოში, თუმცა ერევანში ამან აქციები და უკმაყოფილება გამოიწვია.

"კავკასიაში ახალი ერა იწყება. ვულოცავ ჩვენს მეგობარ სომხეთსა და აზერბაიჯანს ტრაგიკული ომის დასრულებას და მადლობა ყველა ფასილიტატორს", — წერს პრეზიდენტი.

9 ნოემბერს გვიან ღამით სომხეთმა და აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღში ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. სომხეთში შეთანხმება კაპიტულაციად აღიქვეს, რასაც მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. დემონსტრანტები მთავრობის სახლში და პარლამენტში შეიჭრნენ. გარდა ამისა, ზოგიერთი პარლამენტის სპიკერს დაესხა თავს და ფიზიკურად გაუსწორდა. მას ოპერაცია ჩაუტარდა. ერევნისგან განსხვავებით, ბაქოში შეთანხმებას სიხარულით შეხვდნენ.

სამმხრივ დოკუმენტს ხელი სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიავმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოაწერეს ხელი. შეთანხმების თანახმად, სომხური მხარე აზერბაიჯანს კონფლიქტის ზონაში რამდენიმე ტერიტორიას გადასცემს, მთიან ყარაბაღში ბრუნდებიან დევნილები, კონფლიქტის ხაზის გასწვრივ კი რუსი სამშვიდობოები განლაგდებიან. რა სტატუსი ექნება მთიანი ყარაბაღის რეგიონს, შეთანხმებაში არ წერია.

ილჰამ ალიევი ამბობს, რომ რუსი სამხედროების გარდა ზონაში თურქი მშვიდობისმყოფელებიც იქნებიან. მან შეთანხმებას ისტორიული უწოდა და აღნიშნა, რომ ეს სომხეთის კაპიტულაციას ნიშნავს.

ფაშინიანი კი აღნიშნავს, რომ შეთანხმების ხელმოწერის გარდა, სხვა გზა არ ჰქონდა. როგორც ის განმარტავს, გადაწყვეტილება ანალიზის შედეგად მიიღეს.

ამავე თემაზე: