სომხეთის პრეზიდენტის, არმენ სარქისიანიას თქმით, მთიან ყარაბაღში ომის დასრულების შემდეგ შეთანხმებაზე პრესიდან გაიგო. როგორც ის ამბობს, ცეცხლის შეწყვეტის პირობების შესახებ მისთვის არაფერი იყო ცნობილი.

"როგორც რესპუბლიკის პრეზიდენტთან, სამწუხაროდ ჩემთან კონსულტაციები და განხილვები არ გამართულა, მოლაპარაკებებში მონაწილეობა არ მიმიღია", — აცხადებს სარქისიანი.

9 ნოემბერს გვიან ღამით სომხეთმა და აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღში ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. სომხეთში შეთანხმება კაპიტულაციად აღიქვეს, რასაც მოსახლეობის პროტესტი მოჰყვა. დემონსტრანტები მთავრობის სახლში და პარლამენტში შეიჭრნენ. გარდა ამისა, ზოგიერთი პარლამენტის სპიკერს დაესხა თავს და ფიზიკურად გაუსწორდა. მას ოპერაცია ჩაუტარდა. ერევნისგან განსხვავებით, ბაქოში შეთანხმებას სიხარულით შეხვდნენ.

სამმხრივ დოკუმენტს ხელი სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიავმა და რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა მოაწერეს ხელი. შეთანხმების თანახმად, სომხური მხარე აზერბაიჯანს კონფლიქტის ზონაში რამდენიმე ტერიტორიას გადასცემს, მთიან ყარაბაღში ბრუნდებიან დევნილები, კონფლიქტის ხაზის გასწვრივ კი რუსი სამშვიდობოები განლაგდებიან. რა სტატუსი ექნება მთიანი ყარაბაღის რეგიონს, შეთანხმებაში არ წერია.

ილჰამ ალიევი ამბობს, რომ რუსი სამხედროების გარდა ზონაში თურქი მშვიდობისმყოფელებიც იქნებიან. მან შეთანხმებას ისტორიული უწოდა და აღნიშნა, რომ ეს სომხეთის კაპიტულაციას ნიშნავს.

ფაშინიანი კი აღნიშნავს, რომ შეთანხმების ხელმოწერის გარდა, სხვა გზა არ ჰქონდა. როგორც ის განმარტავს, გადაწყვეტილება ანალიზის შედეგად მიიღეს.

ამავე თემაზე: