მთიანი ყარაბაღის ლიდერი, არაიკ არუტუნიანი აცხადებს, რომ უფრო დიდი მსხვერპლისა და არცახის (ყარაბაღის) სრულად დაკარგვის თავიდან ასაცილებლად საბრძოლო მოქმედებებზე უარის თქმა მოუწია. არუტუნიანის თქმით, ის მთელი დღის განმავლობაში სომხეთის პრემიერმინისტრთან, ნიკოლ ფაშინიანთან ერთად საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტას განიხილავდა.

გარდა ამისა, არუტუნიანი ფეისბუქზე წერს, რომ ყარაბაღის ეროვნულ კრებას ესუაბრა და დეპუტატების უმრავლესობის თანხმობა მიიღო.

"დღევანდელი მძიმე მდგომარეობის გათვალისწინებითა, რათა თავიდან იქნას აცილებული მრავალრიცხოვანი მსხვერპლი და არცახის სრულად დაკარგვა, მე თანხმობა მივეცი, რომ რაც შეიძლება მალე დასრულდეს ომი. რაც შეეხება ხელმოწერილ შეთანხმებას, მე მას მოგვიანებით შევეხები", — განაცხადა მან

9 ნოემბერს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და სომხეთის პრემიერმინისტრმა ნიკოლ პაშინიანმა მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებას ხელი მოაწერეს. შეთანხმების ფარგლებში, კონფლიქტის ზონაში რუსი მშვიდობისმყოფელები განლაგდებიან.

ინფორმაცია ამის შესახებ, თავდაპირველად, სომხეთის პრემიერმინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა გაავრცელა. მალევე, Twitter-ზე გამოქვეყნდა სრული დოკუმენტი, რაზე შეთანხმდნენ მხარეები. აქ არ ჩანს ხელმოწერები, თუმცა მითითებულია სამივე ქვეყნის წარმომადგენელი. მოგვიანებით, იგივე შინაარსი გაიმეორა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა.

ცეცხლის შეწყვეტასთან დაკავშირებით სომხეთის პრემიერმინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის განცხადების შემდეგ, მოქალაქეები მთავრობის სახლში შეიჭრნენ. აქციის დროს, სომხეთის პარლამენტის სპიკერი, არარატ მირზოიანი დემონსტრანტებმა მანქანიდან გადმოათრიეს და სცემეს. .

მთიან ყარაბაღში სამხედრო დაპირისპირება 27 სექტემბერს განახლდა. სომხეთი და აზერბაიჯანი პროვოცირებაში ერთმანეთს ადანაშაულებედნენ, თვითაღიარებული ყარაბაღი კი მომხდარზე პასუხისმგებლობას აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს აკისრებდა.

რუსეთის შუამავლობით, სომხეთი და აზერბაიჯანი ჰუმანიტარული მიზნით ცეცხლის შეწყვეტაზე ორჯერ შეთანხმდნენ, თუმცა ზავი ორივეჯერ მალევე დაირღვა.