სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, გადაადგილების შეზღუდვის შესახებ მთავრობის დადგენილების გამოყენება მანიფესტაციისა და გამოხატვის აკრძალვის მიზნით, არაკონსტიტუციური იქნება. როგორც იგი განმარტავს, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესახებ საქართველოს კანონი შესაძლებლობას იძლევა შეიზღუდოს გადაადგილების თავისუფლება, და არა შეკრება-მანიფესტაციის უფლება.

"დემოკრატიულ საზოგადოებაში საზოგადოების წევრებს უნდა ჰქონდეთ შესაძლებლობა გამოთქვან აზრი ნებისმიერი შეზღუდვის თაობაზე, მათ შორის შეკრებისა და მანიფესტაციის გზით გააპროტესტონ საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვის მიზნით შემოღებული შეზღუდვის კანონიერება, მისი ეფექტურობა და მიზანშეწონილობა. სწორედ ამ ტიპის შესაძლებლობა განასხვავებს დემოკრატიულ სახელმწიფოს არადემოკრატიულისგან", — აცხადებს ნინო ლომჯარია.

სახალხო დამცველი მოუწოდებს სახელმწიფო ორგანოებს, პატივი სცენ მანიფესტანტების გამოხატვის თავისუფლებას და თავი შეიკავონ აქციის მონაწილეთა სანქცირებისგან იმ რეგულაციების დარღვევის გამო, რომელიც კრძალავს სხვადასხვა ქალაქებში 22:00-05:00 საათებში გადაადგილებას. ამავდროულად, სახალხო დამცველი მოუწოდებს მანიფესტანტებს, შეკრებისას დაიცვან დისტანცია, გამოიყენონ პირბადე და სხვა დამცავი საშუალებები ვირუსის გავრცელების თავიდან ასაცილებლად.

მოძრაობა სირცხვილიამ პარლამენტთან "დაუმორჩილებლობის" აქციას მართავს. შეკრებილები გადაადგილების შეზღუდვის დაწესებას აპროტესტებენ. აქცია ღამე 10 საათზე დაიწყო და იგეგმება, რომ დილის 5 საათამდე გაგრძელდება.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 9 ნოემბრიდან დიდ ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, ზუგდიდში, გორსა და ფოთში 22 საათიდან დილის 5 საათამდე გადაადგილება შეიზღუდა. შეზღუდვა ვრცელდება როგორც ქვეითად, ისე ტრანსპორტით და კერძო ავტომობილებით მოსიარულეებზე.