ღია საზოგადოების ფონდი აცხადებეს, რომ აუცილებელია ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა აიღოს პასუხისმგებლობა შექმნილ ვითარებაზე და უზრუნველყოს ხმათა სამართლიანი გადათვლა ან დატოვოს დაკავებული თანამდებობა. ორგანიზაცია არჩევნების დღეს და მას შემდეგ განვითარებულ პოვლენებს გამოეხმაურა.

ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ 8 ნოემბერს მშვიდონიანი მოქალაქეების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებები გამოიყენეს.

ღია საზოგადოების ფონდში მიაჩნიათ, რომ პოლარიზებულ გარემოში, შექმნილი პოლიტიკური კრიზისი განსამუხტად და პროცესების ნორმალურ ვითარებაში დასაბრუნებლად, აუცილებელია:

  • ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ, გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა სამართლებრივი საშუალება, რათა მოხდეს ხმების ხელახალი გადათვლა და სამართლიანი შედეგების გამოცხადება;
  • ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელმა აიღოს პასუხისმგებლობა შექმნილ ვითარებაზე და უზრუნველყოს ხმათა სამართლიანი გადათვლა, ან დატოვოს დაკავებული თანამდებობა;
  • ხელისუფლებამ უზრუნველყოს პროცესის ნორმალიზება და მოლაპარაკებების გამართვა პოლიტიკურ სუბიექტებთან;
  • ხელისუფლებამ თავი შეიკავოს კონსტიტუციურ უფლებებში გაუმართლებელი და არაპროპორციული ჩარევისგან, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლების არალეგიტიმური შეზღუდვისგან;
  • ოპოზიციურმა პოლიტიკურმა ძალებმა უზრუნველყონ საკუთარი კონსტიტუციური უფლებების მშვიდობიანად განხორციელება, სიტუაციის დეესკალაცია და მოლაპარაკებების მეშვეობით, პოლიტიკური კრიზისის განმუხტვა;
  • მხარეებმა გამოიყენონ ყველა სამართლებრივი საშუალება, რათა დაცული იყოს თითოეული მოქალაქის საარჩევნო უფლება.

ფონდში ამბობენ, რომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა და პარტნიორებმა კვლავ უნდა გასწიონ ძალისხმევა, რათა მათი მედიაციით წარიმართოს მოლაპარაკება პოლიტიკურ სუბიექტებს შორის.