ცენტრალური საარჩევნო კომისია 8 ნოემბერს ცესკოს შენობასთან განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ იქ განვითარებული მოვლენები არის საარჩევნო ადმინისტრაციაზე ზეწოლისა და ზემოქმედების მიუღებელი ფორმა.

"2020 წლის საარჩევნო პროცესები არ დასრულებულა, ჯერ მხოლოდ წინასწარი შედეგებია ცნობილი. ამ ეტაპზე სხვადასხვა სამართლებრივი პროცესები მიმდინარეობს როგორც საოლქო საარჩევნო კომისიებში, ისე საერთო სასამართლოებში. დაზუსტდა შემაჯამებელი ოქმების ნაწილი, სხვადასხვა ოლქებში გადაითვალა უბნების შედეგები და ჯერ კიდევ პროცესები მიმდინარეობს და არ დამდგარა საბოლოო ოფიციალური შედეგი. თუმცა, სამწუხაროდ, კონკრეტული პოლიტიკური მხარეების მხრიდან იკვეთება მიმდინარე სამართლებრივი პროცესების ხელშეშლა", — ნათქვამია განცხადებაში.

ამავე განცხადების თანახმად, საარჩევნო ადმინისტრაცია დამოუკიდებელი ინსტიტუტია და ეს ინსტიტუცია, სწორედ, ხალხის სამსახურისთვის შეიქმნა და ფუნქციონირებს.

"საარჩევნო ადმინისტრაცია აგრძელებს მუშაობას, რომ მოემსახუროს ხალხს არჩევნების მეორე ტურში, რათა დასრულდეს 2020 წლის პარლამენტის არჩევნების ყველა პროცესი ისე, როგორც ამას ითვალისწინებს კონსტიტუცია და ქვეყნის კანონმდებლობა. შესაბამისად, მოვუწოდებთ ჩართულ მხარეებს და ყველა დაინტერესებულ პირს, ხელი შეუწყონ საქართველოს მოქალაქეების საარჩევნო უფლების რეალიზებას", — აღნიშნულია განცხადებაში.

ასევე, ცესკოს განცხადებაში ნათქვამია, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია მზად არის ნებისმიერ მშვიდობიან ფორმატში, სხვადასხვა ჩართული მხარის მონაწილეობით, საარჩევნო საკითხებთან დაკავშირებულ ნებისმიერ თემაზე სასაუბროდ.

გარდა ამისა, ცესკომ მიმართა საერთაშორისო პარტნიორებს და ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რათა მათ ხელი შეუწყონ დიალოგს.

სპეცრაზმმა აქცია გაფრთხილების გარეშე დაშალა — რა ხდება ცესკოსთან

8 ნოემბერს ოპოზიციამ პარლამენტთან საპროტესტო აქცია გამართა, რომელზეც მთავრობას სამი მოთხოვნა წამოუყენა და დრო რვა საათამდე მისცა. ისინი ხელახალ არჩევნებს, ცესკოს თავმჯდომარის გადადგომას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვდნენ. ულტიმატუმის ვადის ამოწურვის შემდეგ ნიკა მელიამ განაცხადა, რომ მათთან კონტაქტზე მყოფმა ირაკლი კობახიძემ და არჩილ თალაკვაძემ ხვალ შეხვედრა შესთავაზეს, რასაც არ დათანხმდებოდნენ. ეს კობახიძემ უარყო და ამტკიცებდა, რომ შეხვედრა ოპოზიციამ მათ შესთავაზა და ამას მხოლოდ პარტნიორების სურვილის შემთხვევაში დათანხმდებოდნენ.

რვა საათის შემდეგ ოპოზიციამ განაცხადა, რომ ცესკოსთან გადაინაცვლებდნენ და არავის მისცემდნენ შიგნით შესვლის ან იქედან გამოსვლის უფლებას. სანამ ოპოზიცია მსვლელობით მივიდოდა, ცესკოსთან რამდენიმე ადამიანი შეიკრიბა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, რომელთა რაოდენობამ იზრდებოდა. ცესკოსთან მოხდა რამდენიმე დაპირისპირებაც, თუმცა მალევე აღმოიფხვრა.

ამის შემდეგ კი ადგილზე სპეცრაზმი გამოჩნდა, რომელმაც გაფრთხილების გარეშე დაიწყო წყლის ჭავლის გამოყენება აქციის მონაწილეების წინააღდეგ. აქციაზე გაუშვეს სავარაუდოდ ცრემლსადენი გაზიც, თუმცა შსს ამას უარყოფს. რაც შეეხება წყლის ჭავლს, ამას პროპორციულ ძალად მიიჩნევს. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, აქციის დაშლისას 2 ადამიანი დაშავდა.

უფლებადამცველები, ყოფილი და მოქმედი სახალხო დამცველები კი აცხადებენ, რომ აქციის დაშლა ამ მეთოდით არაკანონიერი იყო და არღვევდა გამოხატვის თავისუფლებას. მათივე თქმით, ეს იყო სასტიკი და არაპროპორციული ძალა.

გაიგეთ მეტი მომხდარის პოლიტიკურ შეფასებებზე: