გასული კვირის განმავლობაში მთელი მსოფლიოს ყურადღება აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებისკენ იყო მიმართული, რომელიც დემოკრატიული პარტიის ტრიუმფით დასრულდა: ჯო ბაიდენი აშშ-ის 46-ე პრეზიდენტად აირჩიეს, კამალა ჰარისი კი პირველი ქალი, თანაც არათეთრკანიანი, ვიცეპრეზიდენტი გახდა.

ფოტო: Tasos Katopodis / Getty Images

ამის მიუხედავად, ჯო ბაიდენის მთავარი კონკურენტი და ამერიკის ამჟამინდელი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ჯერ შედეგების გამოქვეყნებამდე აცხადებდა, რომ ოპოზიცია არჩევნებს აყალბებს, საბოლოო მონაცემების გამოქვეყნების შემდეგ კი შედეგები ლეგიტიმურად არ სცნო და საკუთარი თავი გამოაცხადა გამარჯვებულად.

"მე მოვიგე არჩევნები, თანაც დიდი წილით!", — წერს ტრამპი თავის პირად გვერდზე და ამ განცხადებას ტვიტერმა, როგორც სხვა მის ბევრს პოსტს, გამაფრთხილებელი ნიშანი დაადო, რომ ის, შესაძლოა, ცრუ ინფორმაციას შეიცავდეს.

ეს ერთადერთი განცხადება არ არის, რომლითაც დონალდ ტრამპმა პრეზიდენტობის ამპლუაში ბევრი ადამიანის გამხიარულება შეძლო. ამჯერად მას მსახიობი ვლადიმირ ფურდინიკი გამოეხმაურა, რომელიც HBO-ს გახმაურებულ სერიალში სამეფო კარის თამაშები ერთ-ერთი მთავარი ანტაგონისტის — ღამის მეფის როლს ასრულებს.

"მე მოვიგე ვინტერფელის ბრძოლა, თანაც დიდი წილით!", — ტრამპის სიტყვების გადათამაშებით დაწერა მსახიობმა.

ვისაც სერიალი უნახავს, ყველას კარგად ახსოვს ვინტერფელის ბრძოლის სახელით ცნობილი ეპიკური სცენა, როცა მერვე სეზონის ერთ-ერთ ყველაზე დაძაბულ ეპიზოდში ადამიანებსა და თეთრ მოსიარულეებს შორის გადამწყვეტი ბრძოლა გაიმართა.

ეს ბრძოლა ადამიანების გამარჯვებით დასრულდა და ღამის მეფე დამარცხდა, მსახიობი ვლადიმირ ფურდინიკი კი ირონიულად წარმოაჩენს შედეგებს ისე, როგორც ამას დონალდ ტრამპი ამაოდ ცდილობს.

ფოტო: HBO