შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ცესკოს წინ გამართულ აქციაზე შესაძლოა გამოყენებულიყო ე.წ. წიწაკის სპრეი. მათი თქმით, აქციაზე ცრემლსადენი გაზი არ გამოუყენებიათ.

"ჩვენი მხრიდან ცრემლსადენი გაზის გამოყენებას კატეგორიულად უარყობთ, ეს არ ყოფილა აქციის მიმართ გამოყენებული. იმ დანაყოფის პირადი შემადგენლობის აღჭურვილობაში, რომელიც მართავს მასებს არის სპეციალური საშუალება ე.წ. წიწაკის სპრეი, რომელიც საჭიროების მიხედვით შესაძლებელია გამოყენებული იყოს. კიდევ ერთხელ ვიმეორებ ეს არ არის ცრემლსადენი გაზი, ეს არის სპრეი", — განაცხადეს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

სპეცრაზმმა აქცია გაფრთხილების გარეშე დაშალა — რა ხდებოდა ცესკოსთან

8 ნოემბერს ოპოზიციამ პარლამენტთან საპროტესტო აქცია გამართა, რომელზეც მთავრობას სამი მოთხოვნა წამოუყენა და დრო რვა საათამდე მისცა. ისინი ხელახალ არჩევნებს, ცესკოს თავმჯდომარის გადადგომას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვდნენ. ულტიმატუმის ვადის ამოწურვის შემდეგ ნიკა მელიამ განაცხადა, რომ მათთან კონტაქტზე მყოფმა ირაკლი კობახიძემ და არჩილ თალაკვაძემ შეხვედრა შესთავაზეს, რასაც არ დათანხმდებოდნენ. ეს კობახიძემ უარყო და ამტკიცებდა, რომ შეხვედრა ოპოზიციამ მათ შესთავაზა და ამას მხოლოდ პარტნიორების სურვილის შემთხვევაში დათანხმდებოდნენ.

რვა საათის შემდეგ ოპოზიციამ განაცხადა, რომ ცესკოსთან გადაინაცვლებდნენ და არავის მისცემდნენ შიგნით შესვლის ან იქედან გამოსვლის უფლებას. სანამ ოპოზიცია მსვლელობით მივიდოდა, ცესკოსთან რამდენიმე ადამიანი შეიკრიბა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, რომელთა რაოდენობამ იზრდებოდა. ცესკოსთან მოხდა რამდენიმე დაპირისპირებაც, თუმცა მალევე აღმოიფხვრა.

ამის შემდეგ კი ადგილზე სპეცრაზმი გამოჩნდა, რომელმაც გაფრთხილების გარეშე დაიწყო წყლის ჭავლის გამოყენება აქციის მონაწილეების წინააღმდეგ. აქციაზე გაუშვეს სავარაუდოდ ცრემლსადენი გაზიც, თუმცა შსს ამას უარყოფს. რაც შეეხება წყლის ჭავლს, ამას პროპორციულ ძალად მიიჩნევს. რამდენიმე საათში სპეცრაზმმა წყლის ჭავლი ისევ გამოიყენა და ამჯერად უფრო ხანგრძლივად, ვიდრე მანამდე.

უფლებადამცველები, ყოფილი და მოქმედი სახალხო დამცველები კი აცხადებენ, რომ აქციის დაშლა ამ მეთოდით არაკანონიერი იყო და არღვევდა გამოხატვის თავისუფლებას. მათივე თქმით, ეს იყო სასტიკი და არაპროპორციული ძალა.

გაიგეთ მეტი მომხდარის პოლიტიკურ შეფასებებზე: