თავდაცვის ყოფილი მინისტრი, თინათინ ხიდაშელი ამბობს, რომ ხელისუფლება ჯიბრში უდგას საკუთარ მოსახლეობას და არაფრით უნდა აღიარება რომ ქვეყნის ხელისუფალია და არა მხოლოდ 48 პროცენტის. ამის შესახებ მან facebook-ზე დაწერა.

"7 ნოემბერი ხომ იყო უმძიმესი, მაგრამ აი რუსთაველზე მერაბიშვილმა რომ ჩამოიარა კმაყოფილმა, ბედნიერმა და მოგვახსენა სახელმწიფო შედგაო ეს იყო ყველაზე შემაძრწუნებელი იმ დღეს. ძალიან ცუდი ღამე იყო წუხელ. ქვეყნისთვის და სახელმწიფოსთვის მძიმე. და კიდევ უფრო იმიტომ რომ იყო ხალხი რომელიც კედელ კედელ დადიოდა სწორედ იმ გონორით და ემოციით როგორც იმ დღეს მერაბიშვილი. მაგრამ ახალი დღე გათენდა და კიდევ უფრო ნათელია ამ კვირის მთავარ დილემებზე პასუხი", — წერს ხიდაშელი.

მისივე თქმით, ოპოზიციის გადაწყვეტილება, უარი თქვან მანდატებზე, "სიშლეგეა", ასევე, ხელისუფლება იმდენად ზურგით დგას მოსახლეობის ნახევართან რომ დარბევას ვიწყებთო ამის გასაფრთხილებლადაც კი არ შეიწუხა თავი.

"როგორც პირველი წუთიდან ვამბობდი, ჯერჯერობით ნათელია, რომ მანდატებზე და მეორე ტურებზე უარი იყო სიშლეგე. გათვლა იმაზე, რომ ამით ვინმე რამეს გაიგებდა, მგონი, წუხელ თვალნათლივ დავინახეთ, არ იყო სწორი. ხელისუფლება ჯიბრში უდგას საკუთარ მოსახლეობას და არაფრით უნდა აღიარება რომ ქვეყნის ხელისუფალია და არა მხოლოდ 48 პროცენტის. იმდენად ზურგით დგას მოსახლეობის ნახევართან, რომ დარბევას ვიწყებთო ამის გასაფრთხილებლადაც კი არ შეიწუხა თავი. როდესაც პოლიტიკური სპექტრი მთლიანად ულტიმატუმის რეჟიმში მუშაობს იქ სახელმწიფოებრიობაა პირველი მსხვერპლი და აგურ აგურ დაშალეთ აბა თქვენ იცით რაც დარჩენილია. იქნებ გამოჩნდეთ ვინმე ვინც რეალურ ნებას აჩვენებს პასუხისმგებლიანი პოლიტიკის კეთების და დიალოგის კარს გააღებს. აზრიანი, კონსენსუსის ძიებით მოტივირებული დიალოგის. გუშინ აქვიის დაშლა, იპოზიციის მიერ, იყო სწორი, ცოტა დაგვიანებული, მაგრამ ძალიან სწორი გადაწყვეტილება. იქნებ ეს გამოიყენოს ოცნებამ საწყისად", — წერს ხიდაშელი.

სპეცრაზმმა აქცია გაფრთხილების გარეშე დაშალა — რა ხდებოდა ცესკოსთან

8 ნოემბერს ოპოზიციამ პარლამენტთან საპროტესტო აქცია გამართა, რომელზეც მთავრობას სამი მოთხოვნა წამოუყენა და დრო რვა საათამდე მისცა. ისინი ხელახალ არჩევნებს, ცესკოს თავმჯდომარის გადადგომას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვდნენ. ულტიმატუმის ვადის ამოწურვის შემდეგ ნიკა მელიამ განაცხადა, რომ მათთან კონტაქტზე მყოფმა ირაკლი კობახიძემ და არჩილ თალაკვაძემ შეხვედრა შესთავაზეს, რასაც არ დათანხმდებოდნენ. ეს კობახიძემ უარყო და ამტკიცებდა, რომ შეხვედრა ოპოზიციამ მათ შესთავაზა და ამას მხოლოდ პარტნიორების სურვილის შემთხვევაში დათანხმდებოდნენ.

რვა საათის შემდეგ ოპოზიციამ განაცხადა, რომ ცესკოსთან გადაინაცვლებდნენ და არავის მისცემდნენ შიგნით შესვლის ან იქედან გამოსვლის უფლებას. სანამ ოპოზიცია მსვლელობით მივიდოდა, ცესკოსთან რამდენიმე ადამიანი შეიკრიბა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, რომელთა რაოდენობამ იზრდებოდა. ცესკოსთან მოხდა რამდენიმე დაპირისპირებაც, თუმცა მალევე აღმოიფხვრა.

ამის შემდეგ კი ადგილზე სპეცრაზმი გამოჩნდა, რომელმაც გაფრთხილების გარეშე დაიწყო წყლის ჭავლის გამოყენება აქციის მონაწილეების წინააღმდეგ. აქციაზე გაუშვეს სავარაუდოდ ცრემლსადენი გაზიც, თუმცა შსს ამას უარყოფს. რაც შეეხება წყლის ჭავლს, ამას პროპორციულ ძალად მიიჩნევს. რამდენიმე საათში სპეცრაზმმა წყლის ჭავლი ისევ გამოიყენა და ამჯერად უფრო ხანგრძლივად, ვიდრე მანამდე.

უფლებადამცველები, ყოფილი და მოქმედი სახალხო დამცველები კი აცხადებენ, რომ აქციის დაშლა ამ მეთოდით არაკანონიერი იყო და არღვევდა გამოხატვის თავისუფლებას. მათივე თქმით, ეს იყო სასტიკი და არაპროპორციული ძალა.

გაიგეთ მეტი მომხდარის პოლიტიკურ შეფასებებზე: