არასამთავრობო ორგანიზაციები,მმართველ და ოპოზიციურ პარტიებს მოუწოდებენ, დაიწყონ მოლაპარაკებები, მათ შორის საერთაშორისო საზოგადოების მედიაციით, ქვეყნის კრიზისიდან გამოყვანის მიზნით.

ორგანიზაციის განცხადებით, საქართველოს სტაბილურობისთვის მნიშვნელოვანია პოლიტიკოსებმა მოლაპარაკების მაგიდასთან გადაწყვიტონ პრობლემური უბნების კონკრეტული კრიტერიუმებით გადათვლისა და მეორე ტურების სამართლიანად ჩატარების საკითხები. მნიშვნელოვანია ყველა მხარემ მაქსიმალური ძალისხმევა გასწიოს, რომ ქვეყანას ავაცილოთ უმძიმესი პოლიტიკური კრიზისი, რასაც კიდევ უფრო ამძიმებს მზარდი პანდემია და ეკონომიკური რეცესია. დარწმუნებულები ვართ, რომ ეს მცდელობა აუცილებელია და ქვეყნისა და საზოგადოების ინტერესებში შედის. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ ამ რთულ დროს ჩვენი ქვეყნის განვითარება არ შეფერხდეს.

2020 წლის 31 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები საქართველოს პარლამენტს ახალი საარჩევნო სისტემით ირჩევდნენ. პროპორციულთან მიახლოებული საარჩევნო სისტემის მიღება საზოგადოების მრავალწლიანი ბრძოლის შედეგად გახდა შესაძლებელი და ქმნიდა წინაპირობას ახალი და შედარებით მცირე პოლიტიკური პარტიების პარლამენტში შესვლით, საკანონმდებლო ორგანო უფრო მრავალფეროვანი გამხდარიყო, დასრულებულიყო პოლიტიკური პოლარიზაცია, გაზრდილიყო საქართველოს პარლამენტის მთავრობაზე ზედამხედველობის ეფექტურობა, რაც თავის მხრივ დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას შეუწყობდა ხელს.

NGO აღნიშნავენ, რომ სამწუხაროა, რომ როგორც წინასაარჩევნო პერიოდი, ისე არჩევნების დღე და ხმის დათვლის პროცესი მრავალრიცხოვანი დარღვევების ფონზე მიმდინარეობდა. წინასაარჩევნო პერიოდში ფაქტიურად გამქრალი იყო ზღვარი მთავრობასა და მმართველ პარტიას შორის, მრავლად იყო ადმინისტრაციული რესურსის გამოყენების შემთხვევები, სამართალდამცავი ორგანოების ქმედებებში იკვეთებოდა სავარაუდო პოლიტიკური გავლენები როგორც საარჩევნო დარღვევების გამოძიების, ასევე პოლიტიკურად მოტივირებული გამოძიების დაწყების კუთხით, რისი თვალსაჩინო მაგალითიცაა ე.წ. კარტოგრაფების საქმე პოლიტიკური დივიდენტების მისაღებად და ოპონენტების დისკრედიტაციის მიზნით, მაღალი ალბათობით ხელისუფლებამ ამ საქმეზე ორი უდანაშაულო პირი დააპატიმრა.

არჩევნების დღე გამოირჩეოდა სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებზე და ჟურნალისტებზე თავდასხმის, ამომრჩევლის მოსყიდვის, საარჩევნო უბნების გარეთ დაპირისპირების ინციდენტების სიმრავლით. Სერიოზულ პრობლემას წარმოადგენდა შემაჯამებელ ოქმებში დაფიქსირებული უზუსტობები, კერძოდ დისბალანსის მაღალი მაჩვენებელი, რაც ბოლო რამდენიმე არჩევნებზე არ დაფიქსირებულა, გადასწორებები, შესწორების ოქმების გაუმჭვირვალედ და ობიექტური შესწავლის გარეშე შედგენა.

არასამთავრობო ორგანიზაციები ამბობენ, რომ 2020 წლის 31 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები საქართველოსთვის აშკარად უკან გადადგმული ნაბიჯი და ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში ჩატარებული ყველაზე ცუდი არჩევნები იყო, მიგვაჩნია, რომ ჯერ კიდევ არსებობს შანსი იმისა, რომ პოლიტიკური დიალოგის გამოყენებით ჩიხური სიტუაციიდან გამოსავალი მოიძებნოს.