საქართველოს სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას განცხადებით, თუ კი ხელისუფლებამ რამე ნაბიჯი არ გადადგა, სიტუაცია შევა ჩიხში და შეიძლება, "გადაგვჩეხოს" კიდეც, ამის შესახებ ლომჯარიამ ტელეკომპანია ფორმულაზე ისაუბრა.

"დღემდე ჩანდა, რომ ოპოზიცია აცხადებდა ბოიკოტს და თითქოს მათთან უფრო მეტად იყო სამუშაო, დღეს, მე მგონი, გაცხადდა, რომ ისინი მზად არიან მოლაპარაკებებზე წასასვლელად, თუმცა იმის გამო, რომ ამ ყველაფერს მოყვა რეაგირება, რასაც არ ველოდი და მიმაჩნია, რომ ბატონი კობახიძის და სხვათა განცხადებებმა შემიქმნა განცდა, რომ ისინი არ აღიქვამენ სიტუაციის სიმძიმეს და დრამატულობას, ნამდვილად მძიმე მდგომარეობაში ვართ, ხალხი ძალიან ნაწყენი და გაბრაზებულია იმიტომ, რომ მართლაც ცუდი რაღაცები მოხდა, რასაც არ მოყოლია შესაბამისი სწორი რეაქციები. ვფიქრობ, რომ ახლა ჯერი არის ხელისუფლებაზე, მათ უნდა გადმოდგან ნაბიჯები, იმიტომ, რომ ეს პროცესი არ დასრულდება და ეს ყველაფერი ჩვენ გადაგვჩეხავს, მიგვიყვანს ჩიხში", — აცხადებს ლომჯარია.

სპეცრაზმმა აქცია გაფრთხილების გარეშე დაშალა — რა ხდება ცესკოსთან

დღეს, 8 ნოემბერს ოპოზიციამ პარლამენტთან საპროტესტო აქცია გამართა, რომელზეც მთავრობას სამი მოთხოვნა წამოუყენა და დრო რვა საათამდე მისცა. ისინი ხელახალ არჩევნებს, ცესკოს თავმჯდომარის გადადგომას და პოლიტპატიმრების გათავიუფლებას ითხოვდნენ. ულტიმატუმის ვადის ამოწურვის შემდეგ ნიკა მელიამ განაცხადა, რომ მათთან კონტაქტზე მყოფმა ირაკლი კობახიძემ და არჩილ თალაკვაძემ ხვალ შეხვედრა შესთავაზეს, რასაც არ დათანხმდებოდნენ. ეს კობახიძემ უარყო და ამტკიცებდა, რომ შეხვედრა ოპოზიციამ მათ შესთავაზა და ამას მხოლოდ პარტნიორების სურვილის შემთხვევაში დათანხმდებოდნენ.

რვა საათის შემდეგ ოპოზიციამ განაცხადა, რომ ცესკოსთან გადაინაცვლებდნენ და არავის მისცემდნენ შიგნით შესვლის ან იქედან გამოსვლის უფლებას. სანამ ოპოზიიცია მსვლელობით მივიდოდა, ცესკოსთან რამდენიმე ადამიანი შეიკრიბა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, რომელთა რაოდენობამ იზრდებოდა. ცესკოსთან მოხდა რამდენიმე დაპირისპირებაც, თუმცა მალევე აღმოიფხვრა.

ამის შემდეგ კი ადგილზე სპეცრაზმი გამოჩნდა, რომელმაც გაფრთხილების გარეშე დაიწყო წყლის ჭავლის გამოყენება აქციის მონაწილეების წინააღდეგ. აქციაზე გაუშვეს სავარაუდოდ ცრემლსადენი გაზიც, თუმცა შსს ამას უარყოფს. რაც შეეხება წყლის ჭავლს, ამას პროპორციულ ძალად მიიჩნევს. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, აქციის დაშლისას 2 ადამიანი დაშავდა.

უფლებადამცველები, ყოფილი და მოქმედი სახალხო დამცველები კი აცხადებენ, რომ აქციის დაშლა ამ მეთოდით არაკანონიერი იყო და არღვევდა გამოხატვის თავისუფლებას. მათივე თქმით, ეს იყო სასტიკი და არაპროპორციული ძალა.

ამ წუთებშიც ცესკოსთან აქცია გრძელდება და ისევ მობილიზებულია წყლის ჭავლის მანქანა და სპეცრაზმი. ადგილზე იმყოფებიან ოპოზიციის ლიდერებიც.

გაიგეთ მეტი მომხდარის პოლიტიკურ შეფასებებზე: