სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ განაცხადა, ქვეყანაში სტაბილურობასა და განვითარებაზე პასუხისმგებელი ხელისუფლებაა და სწორედ, მან უნდა გადადგას შესაბამისი ნაბიჯები შექმნილი სიტუაციიდან გამოსავლის საპოვნელად.

"თუ დროულად არ გადაიდგმება პოლიტიკური და სამართლებრივი ნაბიჯები, რომლის გადადგმის ვალდებულებაც აქვს ხელისუფლებას, ასევე, საარჩევნო ადმინისტრაციას, ჩვენ მომავალი დღეების განმავლობაში ვიცხოვრებთ აი, ამ რეჟიმში. ხალხი არის სამართლიანად აღშფოთებული და ამ სამართლიან აღშფოთებას არ მოჰყოლია პოლიტიკურად სწორი და სამართლებირვად სწორი რეაგირება", — განაცხადა ლომჯარიამ.

სახალხო დამცველის თქმით, თუ ხელისუფლება ასე გააგრძელებს და ოპოზიციის მიმართავს, რომ მოლაპარაკებისთვის მზად არიან, კვლავ ცინიკური და აგდებული დამოკიდებულება მოჰყვება, დაძაბულობა ისევ გაგრძელდება.

"დღეს არის ადამიანების სიცოცხლეზე საუბარი, კოვიდპანდემია გვაქვს. თითოეულ დასველებულ ადამიანს, უბრალოდ, შესაძლოა, ვერ გაეწიოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება, ვიფიქროთ ამაზე. უმძიმესი ეპიდემიოლოგიური სიტუაციაა, უმძიმესი ეკონომიკური სიტუაციაა, მძიმე პოლიტიკური სიტუაციაა. ამაზე პასუხისმგებელი არის ხელისუფლება, რომ დროულად გადადგას შესაბამისი ნაბიჯები, მათ შორის, საარჩევნო ადმინისტრაციამაც, ყველამ, პოლიტიკურმა პარტიებმაც უნდა აიღონ პასუხისმგებლობა და მაქსიმალურად ეცადონ, მოუწოდონ თავიანთ მხარდამჭერებს, რომ ნებისმიერი ძალის გამოყენება შეწყდეს, რომ არ მოხდეს სიტუაციის ესაკალაცია", — აღიშნა სახალხო დამცველმა.

ლომჯარიას განცხადებით, ჩვენ ყოველდღე მოგვიწევს ამ რეჟმში ცხოვრება და შეფასება, ვინ იყო მტყუანი, ვინ — მართალი. საბოლოო ჯამში, ზიანდებიან მოქალაქეები და სახელმწიფოს ინტერესები.

სპეცრაზმმა აქცია გაფრთხილების გარეშე დაშალა — რა ხდება ცესკოსთან

8 ნოემბერს ოპოზიციამ პარლამენტთან საპროტესტო აქცია გამართა, რომელზეც მთავრობას სამი მოთხოვნა წამოუყენა და დრო რვა საათამდე მისცა. ისინი ხელახალ არჩევნებს, ცესკოს თავმჯდომარის გადადგომას და პოლიტპატიმრების გათავიუფლებას ითხოვდნენ. ულტიმატუმის ვადის ამოწურვის შემდეგ ნიკა მელიამ განაცხადა, რომ მათთან კონტაქტზე მყოფმა ირაკლი კობახიძემ და არჩილ თალაკვაძემ ხვალ შეხვედრა შესთავაზეს, რასაც არ დათანხმდებოდნენ. ეს კობახიძემ უარყო და ამტკიცებდა, რომ შეხვედრა ოპოზიციამ მათ შესთავაზა და ამას მხოლოდ პარტნიორების სურვილის შემთხვევაში დათანხმდებოდნენ.

რვა საათის შემდეგ ოპოზიციამ განაცხადა, რომ ცესკოსთან გადაინაცვლებდნენ და არავის მისცემდნენ შიგნით შესვლის ან იქედან გამოსვლის უფლებას. სანამ ოპოზიიცია მსვლელობით მივიდოდა, ცესკოსთან რამდენიმე ადამიანი შეიკრიბა. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია, რომელთა რაოდენობამ იზრდებოდა. ცესკოსთან მოხდა რამდენიმე დაპირისპირებაც, თუმცა მალევე აღმოიფხვრა.

ამის შემდეგ კი ადგილზე სპეცრაზმი გამოჩნდა, რომელმაც გაფრთხილების გარეშე დაიწყო წყლის ჭავლის გამოყენება აქციის მონაწილეების წინააღდეგ. აქციაზე გაუშვეს სავარაუდოდ ცრემლსადენი გაზიც, თუმცა შსს ამას უარყოფს. რაც შეეხება წყლის ჭავლს, ამას პროპორციულ ძალად მიიჩნევს. ამ ეტაპზე არსებული ინფორმაციით, აქციის დაშლისას 2 ადამიანი დაშავდა.

უფლებადამცველები, ყოფილი და მოქმედი სახალხო დამცველები კი აცხადებენ, რომ აქციის დაშლა ამ მეთოდით არაკანონიერი იყო და არღვევდა გამოხატვის თავისუფლებას. მათივე თქმით, ეს იყო სასტიკი და არაპროპორციული ძალა.

გაიგეთ მეტი მომხდარის პოლიტიკურ შეფასებებზე: